პრემიერმინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, დღეს ლარი ზედმეტად გაუფასურებულია. მისი მტკიცებით, საქართველოს მთავრობას და ეროვნულ ბანკსაც საჭიროზე მეტი რესურსი აქვს იმისთვის, რომ ეკონომიკური აღდგენა სწრაფად დაიწყოს, რაც პირდაპირ სწრაფ ზეგავლენას იქონიებს ლარის კურსზე.

"ყველას ძალიან კარგად გვესმის და პირველ რიგში მე ძალიან კარგად მესმის, რომ ლარის კურსი არ არის მხოლოდ ეკონომიკური ფაქტორი, ჩვენს ქვეყანაში ლარის კურსი არის სოციალური ფაქტორიც. ეს ძალიან კარგად გვესმის, გათვითცნობიერებული გვაქვს, მეორე — რა თქმა უნდა დღეს ლარი ზედმეტად გაუფასურებულია იმიტომ, რომ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს მაკროეკონომიკური მაჩვენებლები ლარის კურსის დღევანდელი ნიშნულისთვის არ არსებობს", — განაცხადა პრემიერმინისტრმა.

მისი თქმით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ზაფხულში, როდესაც ვირუსის პირველი ტალღა იყო, ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება იყო, მაგრამ შემდგომ დაუბრუნდა ნორმალურ ნიშნულს.

"ყველას კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ბევრი რამ არის ემოციებზე და მოლოდინებზე დამოკიდებული. გასაგებია, რომ გლობალური პანდემია გვაქვს, გასაგებია, რომ ინფიცირებულების რაოდენობის ზრდა გვაქვს, გასაგებია, რომ არჩევნების მოლოდინია, შესაბამისად ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ეს და მინდა ერთ რამეს ხაზი გავუსვა არ დაგვავიწყდეს ზაფხული, როდესაც პირველი ტალღა იყო ინფიცირების, მაშინაც ლარის კურსის მკვეთრი გაუფასურება იყო, მაგრამ შემდგომ დაუბრუნდა ნორმალურ ნიშნულს", — განაცხადა მან.

რამდენიმე კვირაა ლარი გაუფასურებას განაგრძნობს. ეროვნული ბანკის მონაცემებით 1 აშშ დოლარის კურსი 3,3332 ლარია, 1 ევროს კურსი კი 3,8812 ლარი.