აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად 48 წლის ემი კონი ბარეტი წარადგინა. ეს არის მოსამართლეობის მესამე კანდიდატი, რომელიც ტრამპმა თავის საპრეზიდენტო ვადაში დაასახელა.

თეთრ სახლში სიტყვით გამოსვლისას დონალდ ტრამპმა ბარეტი "შეუდარებელი მიღწევების ქალად" დაახასიათა.

მოსამართლე ბარეტი მორწმუნე კათოლიკე და აბორტის მოწინააღმდეგეა. მის კანდიდატურას მხარს უჭერდნენ კონსერვატიული ფრთის წარმომადგენლები, რომელთაც იმედი აქვთ, რომ გაუქმდება უზენაესი სასამართლოს 1973 წლის გადაწყვეტილება, რომლითაც აბორტი დასაშვები გახდა. თვითონ ბარეტი არაერთხელ ირწმუნებოდა, რომ მის რწმენასა და შეხედულებებს საქმეზე არანაირი გავლენა არ ექნებოდა.

ამასთან, ამერიკულ პრესაში აქტიურად განიხილავენ მის კავშირებს ქრისტიანულ ჯგუფთან — People of Praise. როგორც ლგბტ აქტივისტები აცხადებენ, ამ ჯგუფთან დაკავშირებულ სკოლებში წამყვანი პრინციპია, რომ სექსუალური კავშირი დასაშვებია მხოლოდ ჰეტეროსექსუალ დაქორწინებულ წყვილს შორის.

ბარეტმა მხარი დაუჭირა პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მკაცრს საიმიგრაციო პოლიტიკასაც.

მოსამართლე ბარეტი უზენაესში რუთ ბეიდერ გინსბურგს ჩაანაცვლებს, რომელიც 18 სექტემბერს გარდაიცვალა და თავისი ლიბერალური ხედვებით გამოირჩეოდა.

უზენაეს სასამართლოში მოსამართლეობის კანდიდატს პრეზიდენტი წარადგენს, თუმცა ის შემდგომში სენატმა უნდა დაამტკიცოს. ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე კანდიდატურის წარდგენა სენატში დიდ პოლიტიკურ დაპირისპირებას გამოიწვევს.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების თავის პოსტს სიცოცხლის ბოლომდე იკავებენ ან მანამ, სანამ საკუთარი ნებით არ სანამ საკუთარი სურვილით არ გადადგება. 9 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგიის იდეოლოგიურ ბალანსს გადამწყვეტი როლი აქვს მნიშვნელოვანი საკანონმდებლო საკითხების განხილვისას. როგორც BBC წერს, მოსამართლე ბარეტის დამტკიცების შემთხვევაში უზენაესში იდეოლოგიური ბალანსი კონსერვატორების სასარგებლოდ 6:3-ზე იქნება.

ტრამპის ოპონენტები და დემოკრატიული პარტიის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ კანდიდატურა ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ უნდა წარადგინონ. სენატში უმრავლესობის ლიდერი მიტჩ მაკკონელმა უკვე დადო პირობა, რომ კანდიდატს საპრეზიდენტო არჩევნებამდე უყრიან კენჭს. დემოკრატებმა იგი თვალთმაქცობაში დაადანაშაულეს.

2016 წელს მოსამართლე ენტონი სალიას გარდაცვალების შემდეგ მაკკონელმა უარი თქვა კენჭისყრის ჩატარებაზე, რათა პრეზიდენტ ბარაკ ობამას მიერ წარდგენილი კანდიდატურა დაემტკიცებინათ. ობამამ მერიკ გარლანდის კანდიდატურა ჯერ კიდევ თებერვალში, არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე წარადგინა, თუმცა მაკკონელი ამტკიცებდა, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლე არჩევნების წელს არ უნდა ინიშნებოდეს.

რესპუბლიკელების ნაწილს ჯერ არ აქვს გადაწყვეტილი მიიღებს თუ არა კენჭისყრაში მონაწილეობს, თუმცა მცირე ნაწილი აცხადებს, რომ კანდიდატურის წარდგენას არ ეთანხმება.

მიუხედავად იმისა, რესპუბლიკელები 3 ნოემბერს დაკარგავენ თუ არა უმრავლესობას, კონგრესის ახალი შემადგენლობა ძალაში 3 იანვარს შევა. მანამდე კი სენატს საშუალება ექნება ტრამპის კანდიდატურა დაამტკიცოს. თუ კანდიდატურის წარდგენა პრეზიდენტის ინაუგურაციამდე, 20 იანვრამდე ვერ მოხერხდა, პრეზიდენტი, ვინც არ უნდა იყოს ის, ვალდებულია ახალი კანდიდატურა წარადგინოს.

კანდიდატურის წარდგენიდან მის განხილვამდე და დამტკიცებამდე რამდენიმე თვე გადის, თუმცა რომელიმე კონკრეტული ვადა არ არსებობს. ბოლოს როცა სენატმა კანდიდატურა სწრაფად, 42 დღეში განიხილა, 1993 წელს სწორედ რუთ ბეიდერ გინსბურგი იყო.