გირჩის ერთ-ერთი ლიდერი და ბათუმში მაჟორიტარობის კანდიდატი, იაგო ხვიჩია ნაციონალური მოძრაობის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებებს არასერიოზულს უწოდებს. ამის შესახებ მან TV პირველის ეთერში ისაუბრა.

"ქალბატონი სალომეს განცხადებები ზურასთან და გირჩთან მიმართებით არ იყო სერიოზული. შესაბამისად, მასზე საუბარი, როგორც სერიოზულზე და ამისთვის კონფლიქტის დაწყება ნაციონალურ მოძრაობასთან, რომელსაც როგორც პარტიას ამ თვალსაზრისით არაფერი განსაკუთრებული არ დაუშავებია, არ ვაპირებ", — განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე თქმით, ყველაფერი დაიწყო ექსპრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, რომელმაც "დაუსაბუთებლად გალანძღა" ოპოზიციის წევრები:

"მერე ამას მოყვა გალანძღული ხალხის პასუხი, რომელსაც, ჩემი აზრით, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, არასერიოზულად უპასუხა. მგონია, რომ ეს იყო ამ კონფლიქტის ანატომია. არ მინდა ამ კონფლიქტის გაგრძელება", — აღნიშნავს იგი.

ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღირეთის ოლქში ოპოზიციის ერთობლივი კანდიდატია. 23 სექტემბერს, TV პირველის ეთერში გირჩის ლიდერმა განაცხადა, რომ 30 მაჟორიტარული ოლქიდან ნაციონალურ მოძრაობას 25 ოლქი არ უნდა შეხვედროდა. მისივე თქმით, მაჟორიტარული ოლქები რომ პროპორციულად განაწილებულიყო, ენმ-ს ნახევარი ან ნახევარზე მეტი ოლქი შეხვდებოდა და არა 25, რადგან ამაზე მეტყველებს რეიტინგები.

ჯაფარიძის ამ განცხადებას ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა სტუდიაშივე უპასუხა და თქვა, რომ რეიტინგებისა და წინა არჩევნების შედეგების მიხედვით თუ იმსჯელებდნენ, ჯაფარიძე დღეს ვერც ერთ ოლქში ვერ იქნებოდა მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილი. დეპუტატის თქმით, ის, რომ ჯაფარიძე დღეს დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს, მისთვის ენმ-სგან საჩუქარია.

დისკუსიის პროცესში სამადაშვილმა ჯაფარიძეს ასევე უთხრა, რომ მსგავსი ტაქტიკით თავადვე ამცირებდა დიდუბის ოლქში არჩევნების მოგების შანსს, რაზეც გირჩის ლიდერმა უპასუხა — "ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი ხმები".

სწორედ ამასთან დაკავშირებით გამართა ორი დღის შემდეგ პრესკონფერენცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, სადაც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ჯაფარიძემ ამომრჩეველს ბოდიში უნდა მოუხადოს.

26 სექტემბერს ნაციონალურ მოძრაობაში დაადასტურეს, რომ არ აპირებენ, დიდუბე-ჩუღურეთში ზურაბ ჯაფარიძეს კანდიდატი დაუყენონ.

ამავე თემაზე: