მოქმედი მოსამართლე ნუნუ ნემსიწვერიძე ახმეტის პოლიციის თანამშრომლებს მისი შვილი გარდაცვალების საქმის არასათანადო გამოძიებაში ადანაშაულებს. ცოტნე ხარატიშვილი რამდენიმე თვის წინ ავტოავარიაში დაიღუპა.

ნუნუ ნემსიწვერიძე არაერთი საქმის მოსამართლე ყოფილა, მათ შორის, გურჯაანში მან ნაციონალური მოძრაობის წევრის, დავით კირტკიტაძის საქმე განიხილა.

როგორც მოსამართლე TV პირველის ეთერში ყვება, მძღოლს შმაგი რამაზაშვილს, რომელთან ერთად ცოტნე ხარატიშვილი კატასტროფის დროს მანქანაში იჯდა, ალკოტესტისთვის სისხლის ნიმუში ოთხსაათიანი დაგვიანებით ჩაუტარეს, რის გამოც საქმეს შესაბამისი კვალიფიკაცია არ ჰქონდა მიცემული.

"როგორც კი დააკავეს და ალკოტესტი აუღეს, სადაც არ უნდა ყოფილიყო ახმეტა იყო, გურჯაანი თუ თელავი, ექიმს გამოიძახებდი და სისხლს აუღებდი, ხო? გამოაფხიზლეს, ოთხი საათის შემდეგ აუღეს სისხლი", — ამბობს ნუნუ ნემსიწვერიძე.

მისი თქმით, გამომძიებლებმა და პოლიციელებმა პასუხი უნდა აგონ, რადგან მას მიაჩნია, რომ ეს უბრალო შეცდომა არ იყო.

"დარწმუნებული ვარ, რომ ვიღაცას მაგათ ხათრი გაუწიეს. ვიღაცა მივიდა მაგათთან და იფიქრეს ახლა, ან რა იფიქრეს არ ვიცი. რა ეგონათ გავატარებდი ამას, ვერ ვიპოვიდი?" — ამბობს მოსამართლე TV პირველთან.

ამასთან, მას ეჭვიც უჩნდება, რომ შესაძლოა, მისი შვილი არა ავარიის დროს გარდაიცვალა, არამედ მოკლეს და შემდეგ ავტოკატასტროფის ინსცენირება მოაწყვეს.

"წარმოიდგინეთ, მანქანა ჩავარდა თხრილში, ბეტონის ექვსმეტრიანი ღობე გადაანგრია, უკან მოტრიალდა მანქანა ისე, რომ ბოძს დაეჯახა. იტრიალა და იბზრიალა მანქანამ. ვერ გაჩერდა მანქანა, იმდენად სწრაფად მიდიოდა. უკან დაეჯახა ბოძს და ჩემი შვილი როგორ აღმოჩნდა გარეთ, არ ვიცი. ორკარიანი მანქანა არის, საიდან გადმოვარდა და როგორ გადმოვარდა, მე რა ვიცი, იქნება სულ არ გადმოვარდნილა იმ მანქანიდან. გადმოიყვანეს იმათ, ურტყეს ფეხები, მომიკლეს და უნდოდათ საერთოდ გადაგდება".

ბრალდებულის ადვოკატი TV პირველთან ამტკიცებს, რომ მის დაცვის ქვეშ მყოფს ალკოჰოლი მიღებული ჰქონდა, თუმცა არა იმდენი, რომ ავარია გამოეწვია. ამასთან, ადვოკატი დარწმუნებულია, რომ საქმის კვალიფიკაცია მოსამართლის გავლენით შეიცვალა.

"მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებულის უფლებამონაცვლის განცხადების საფუძველზე დაუმძიმეს პირს ბრალი. დანარჩენი დასკვნა თქვენთვის მომინდია", — ამბობს ადვოკატი.

მისივე თქმით, შმაგი რამაზაშვილს აქამდე სამი ადვოკატი ჰყავდა და ოჯახი ფიქრობს, რომ ისინი მათ შორის მოსამართლის მიერ იყვნენ დაშინებულები.

აღნიშნულ საქმეზე დამატებითი ინფორმაციის მისაღებად On.ge ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდეს.