"დაგვაბრუნეთ მუსიკოსები რესტორნებში", "დაგვიბრუნეთ საპენსიო დანაზოგები", "გახსენით სკოლები", "გახსენით სამორინეები", — ამ ლოზუნგებით ბათუმში საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი სამსახურებში დაბრუნებას მოითხოვენ.

ევროპის მოედანზე შეკრებილი მოქალაქეების აცხადებენ, რომ პანდემიის დროს მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების გამო უმუშევრები არიან. აქციაზე იყვნენ, როგორც ტურიზმის, ისე მომსახურების სფეროს წარმომადგენლები.

"ჩვენი პრობლემა ის არის, რომ უკვე მეორედ დავკარგეთ მუსიკოსებმა სამსახურები. ბევრ მუსიკოსს აპარატურა აქვს გამოტანილი ბანკის სესხით. ეს ყველაფერი იმ იმედით გავაკეთეთ, რომ გვაქვს საკმარისი შემოსავალი, მაგრამ რით უნდა გავაკეთოთ ახლა ეს", — განაცხადა აჭარის მაუწყებელთან აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

აჭარაში კორონავირუსის შემთხვევების ზრდის გამო მთავრობის გადაწყვეტილებით, რეგიონში რესტორნები და კვების ობიექტები საღამოს ათი საათის შემდეგ აღარ იმუშავებენ. ამასთან, შეიზღუდა საზოგადოებრივი და საქალაქთაშორისო ტრანსპორტი გადაადგილება. სასწავლო პროცესი კი კვლავ ონლაინრეჟიმში გაგრძელდება.