სტრატეგია აღმაშენებლის ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე თელავში, საკარანტინე სივრცეში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს ფაქტი ჯანდაცვის სისტემის გაუმართავ მუშაობაზე კიდევ ერთხელ მიანიშნებს. ჩიხლაძეს მიაჩნია, რომ ეს არის დანაშაული და აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომელთა უპასუხისმგებლობამ აღნიშნული ფატალური შედეგი გამოიწვია.

"საკმაოდ ბევრი ფაქტი დაგროვდა საკარანტინე სივრცეების გაუმართავ მუშაობასთან დაკავშირებით, დღეს კი, უპასუხისმგებლობამ ფატალური შემთხვევაც გამოიწვია — საკარანტინე სივრცეში ახალგაზრდა ადამიანი დაიღუპა. როდესაც სახელმწიფო კარანტინში, ფაქტობრივად, ციხის პირობებში ადამიანებს ათავსებს, მან პასუხისმგებლობა უნდა აიღოს ელემენტარული ჯანდაცვის საჭიროებების, ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობასა და მათი ჯანდაცვის საჭიროების დაკმაყოფილებაზე", — აცხადებს ჩიხლაძე.

მისი თქმით, ბევრი თვითმხილველი აცხადებს, ელემენტარული ჯანდაცვის საჭიროებები ხშირად არ არის გათვალისწინებული საკარანტინე სივრცეებში, ზოგ შემთხვევაში კი, ექიმი ან ექთანი არ არის.

"ზოგ შემთხვევაში როდესაც ადამიანებს სიმპტომები აქვს, უბრალოდ ეუბნებიან, რომ დარჩი ოთახში და თუ რამე ძალიან გაგიჭირდება და "მომაკვდავი გახდები", იმ შემთხვევაში მოვა შენთან ექიმი და სადმე გადაგიყვანთ. ეს არის სრული უპასუხისმგებლობა და უპასუხისმგებლო მენეჯმენტი, ეს არის დანაშაული და ვფიქრობ, რომ მათი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს, რომლებიც ასეთ მძიმე პირობებში ამყოფებენ გამოკეტილ ადამიანებს. გარდა იმისა, რომ სახელმწიფომ არ გადაამზადა პირველადი ჯანდაცვის რგოლის სამედიცინო პერსონალი, ასევე არ მოამზადა მდგომარეობა იმისთვის, რომ უსიმპტომო და მცირესიმპტომიანი ადამიანების მკურნალობა ბინის პირობებში ყოფილიყო შესაძლებელი და საკარანტინე სივრცეებში ათასობით ადამიანის გამომწყვდევა საჭირო აღარ გახდებოდა. სახელმწიფომ ასევე არ იზრუნა ამ ადამიანების ფუნდამენტურ უფლებაზე, რაც არის სიცოცხლისა და ჯანდაცვის უფლება, რომელიც ირღვევა ბევრ საკარანტინე სივრცეში. ეს არის სასწრაფოდ გამოსასწორებელი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მსგავსი ფატალური შემთხვევები კიდევ დაგვიდგება, რადგან სამწუხაროდ კოვიდინფიცირებული ადამიანების შემთხვევები მატულობს და შესაბამისად მოიმატებს საკარანტინე სივრცეებში მოთავსებული ადამიანების რაოდენობაც", — აცხადებს სერგო ჩიხლაძე