ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას თქმით, შემთხვევების მატების მიუხედავად საქართველო დაბალი რისკის ქვეყნის სტატუსს ინარჩუნებს.

როგორც გაბუნია განმარტავს, ინციდენტობის საშულო გლობალური მაჩვენებელი 100 ათას მოსახლეზე დაახლოებით 19-ია. 19-ის ქვემოთ ქვეყნები ითვლება, რომ არის დაბალი რისკის ქვეყნები და 19-ის ზემოთ კი — მაღალი რისკის ქვეყნები.

"ჩვენი დღევანდელი მდგომარეობით, 14-დღიანი ინციდენტობის მაჩვენებელი არის 5,5, რაც პირობითად ფასდება როგორც მუქი მწვანე ზონა (10-ზე ნაკლები 100 000 მოსახლეზე)", — აცხადებს მინისტრის მოადგილე.

თამარ გაბუნიას თქმით, საქართველოს სტატუსი გლობალური კოვიდრისკის შკალაზე არ შეცვლილა.

"4-დონიანი შუქნიშანი, რომელსაც ჩვენ ახლა შიდა მიზნებისთვის ვიყენებთ, არის იმისთვის, რომ ჩვენ დავგეგმოთ ინციდენტობის რომელ დონეზე რამდენი ტესტი უნდა ჩატარდეს, სად არის განსაკუთრებით აქტიური კერები, რა საწოლფონდი უნდა იყოს მობილიზებული იმ რაოდენობის შემთხვევებისთვის, რომელიც ქვეყანაში ვლინდება", — განაცხადა თამარ გაბუნიამ.