ე.წ. სატელიტის ფოტოების საქმეზე დაკავებული დავით ფურცხვანიძის ადვოკატი დუმილის უფლებას იყენებს. ინფორმაცია ამის შესახებ ჟურნალისტებს დაკავებულის ადვოკატმა მიაწოდა.

დავით ფურცხვანიძე ფოტოების ფალსიფიკაციის, პირადი მოტივით მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლისა და ყალბი მტკიცებულებების შექმნის ბრალდებით 25 სექტემბერს დააკავეს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ფურცხვანიძემ ფოტოები თავის შვილს დაამუშავებინა. უწყებაში აღვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვენ, რადგან ფურცხვანიძეს აქვს შეძენილი ავიაბილეთები და გეგმავს ქვეყნის დატოვებას.

მას უკავრშირდება სატელიტის ფოტოების გავრცელება, რომლითაც თითქოსდა მტკიცდება, რომ თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა აღმოჩენის ადგილზე წინა დღეებში არ იყო. თუმცა აღინუშნული ექსპერტიზის შემდეგ, პროკურატურაში აცხადებენ, რომ ფოტოები დამონტაჟებული და ყალბია.

ვინ არის დავით ფურცხვანიძე

მითების დეტექტორის ინფორმაციით, დავით ფურცხვანიძე არის იმ კომპანიის მფლობელი, რომელმაც გამოსცა წიგნი "ვლადიმერ პუტინი-თანამედროვე კაცობრიობის უმაღლესი ლიდერი". მათივე ცნობით, დავით ფურცხვანიძე არის ანალიტიკური სააგენტო უსაფრთხოების პრობლემების ანტიკრიზისული ცენტრის ხელმძღვანელი და მის სახელზე ბიზნეს რეესტრში რეგისტრირებულია სპუტნიკ ტვ, რომლის 100%-იანი წილის მფლობელი თავადაა.

მითების დეტექტორი წერს, რომ ფურცხვანიძეს 2014 წელს მონაწილეობა აქვს მიღებული კრემლთან დაკავშირებული ევრაზიული კვლევის ინსტიტუტის და გორჩაკოვის ფონდის გამართულ მრგვალ მაგიდაში. 2018 წელს კი ის პრორუსულ გამოცემა საქართველო და მსოფლიოსთან ინტერვიუში აცხადებდა, რომ სკრიპალები ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა მოწამლეს, ამასთანავე აცხადებდა, რომ დასავლეთი საქართველოს პატრიარქის მცდელობებს ბლოკავს, რაც რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას ისახავს მიზნად.