ნაციონალური მოძრაობის წევრის, თინა ბოკუჩავას თქმით, დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში გირჩის ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს კანდიდატს არ დაუყენებენ. მისივე თქმით, ისინი თბილისში სამი კანდიდატით იქნებიან წარმოდგენილი.

"ყველას გვაქვს განსხვავებული აზრის უფლება და ეს არის ნორმალური. არანაირი დაპირისპირება არ არსებობს. ამ არჩევნებზე შევდივართ ბიძინა ივანიშვილის დასამარცხებლად, ამ არჩევნებში შევდივართ იმისათვის, რომ ოპოზიციამ გაიმარჯვოს", — განაცხადა მან.

ზურაბ ჯაფარიძე დიდუბე-ჩუღირეთის ოლქში ოპოზიციის ერთობლივი კანდიდატია. 23 სექტემბერს, TV პირველის ეთერში გირჩის ლიდერმა განაცხადა, რომ 30 მაჟორიტარული ოლქიდან ნაციონალურ მოძრაობას 25 ოლქი არ უნდა შეხვედროდა. მისივე თქმით, მაჟორიტარული ოლქები რომ პროპორციულად განაწილებულიყო, ენმ-ს ნახევარი ან ნახევარზე მეტი ოლქი შეხვდებოდა და არა 25, რადგან ამაზე მეტყველებს რეიტინგები.

ჯაფარიძის ამ განცხადებას ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა სტუდიაშივე უპასუხა და თქვა, რომ რეიტინგებისა და წინა არჩევნების შედეგების მიხედვით თუ იმსჯელებდნენ, ჯაფარიძე დღეს ვერც ერთ ოლქში ვერ იქნებოდა მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილი. დეპუტატის თქმით, ის, რომ ჯაფარიძე დღეს დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს, მისთვის ენმ-სგან საჩუქარია.

დისკუსიის პროცესში სამადაშვილმა ჯაფარიძეს ასევე უთხრა, რომ მსგავსი ტაქტიკით თავადვე ამცირებდა დიდუბის ოლქში არჩევნების მოგების შანსს, რაზეც გირჩის ლიდერმა უპასუხა — "ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი ხმები".

სწორედ ამასთან დაკავშირებით გამართა ორი დღის შემდეგ პრესკონფერენცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, სადაც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ჯაფარიძემ ამომრჩეველს ბოდიში უნდა მოუხადოს.

ამავე თემაზე: