N16 პენიტენციური დაწესებულების საამანათო სივრცის თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, ინფიცირებული გარე პერიმეტრზე მუშაობს და მას პატიმრებთან ან ყაზარმულ რეჟიმში მყოფ სხვა თანამშრომლებთან შეხება არ ჰქონია.

უწყებაში ამბობენ, რომ კორონავირუსი 26 სექტემბერს გეგმიური ტესტირების შედეგად გამოვლინდა. მათივე თქმით, მას შეხება ჰქონდა მხოლოდ მსჯავრდებულების ოჯახის წევრებთან და დაწესებულებაში შემსვლელ სხვა პირებთან.

"აღსანიშნავია, რომ დაწესებულების გარე პერიმეტრზე მომუშავე რამდენიმე თანამშრომელმა, ვისთანაც მოცემულ პირს უშუალო კონტაქტი ჰქონდა, 25 სექტემბერს ასევე გაიარა გეგმიური PCR ტესტირება და ყველა მათგანის პასუხი უარყოფითია, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი გადავიდნენ იზოლაციაში 12 დღით", — ნათქვამია განცხადებაში.

ამასთან, პენიტენციურ სამსახურში აცხადებენ, რომ იმ პირის მდგომარეობა, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა, სტაბილურია და მასთან მიმართებაში ასევე სამედიცინო პროტოკოლით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი ღონისძიება გატარდება.