საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილი თქმით, დაკავების დროს მას ფიზიკურად უსწორდებოდნენ. ის 86-დღიანი პატიმრობის შემდეგ გუშინ, 25 სექტემბერს გაათავისუფლეს. როგორც მან ტელეკომპანია ფორმულას უთხრა, მას 4-5 კაცი სცემდა.

"ახლაც აზრზე არ ვარ, თავი მიბრუვდებოდა, "ვაფშე", ახლაც გაბრუებული მაქვს თავი. აღარ მახსოვდა რა მკითხეს. ვეუბნებოდი არ მახსოვს ათი წუთის წინ რა მითხარი. თან პირბადე მეკეთა, რაღაც სქელი, რაღაცნაირი პირბადე აქვთ და მე ვუთხარი ჰაერი არ მაქვს და წყალი მომაწოდეთ და მერე დაგალევინებთო", — ყვება მღებრიშვილი.

მისივე თქმით, ერთ-ერთი დაკითხვის დროს მას მოკლული არჩილ ტატუნაშვილიც უხსენეს:

"იცნობო, გაგიგიაო? გამიაგია-მეთქი, ცნობით არ ვიცნობდი მეთქი, ჩამიწვეთეს რო... შესაშინებლადაც თუ რავი რა".

გარდა ამისა, ხვიჩა მღებრიშვილი ამბობს, რომ ის დაპატიმრებულ ზაზა გახელაძესაც შეხვდა და მასთან ერთად 20 დღის განმავლობაში იყო.

"გახელაძემ თითი არ დამადესო. რა თითი უნდა დაედოთ ფეხი გადაგლეჯილი ჰქონდა შუაზე", — ამბობს ის.

86 დღიანი პატიმრობის შემდეგ, სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები, ხვიჩა მღებრიშვილი დღეს, 25 სექტემბერს გათავისუფლეს. მღებრიშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და ცხინვალის რეგიონიდან ღამურების გატანის მცდელობის ბრალდებით იყო დაკავებული.

სუს-ის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნული იყო, რომ მას ფიზიკური ძალადობის კვალი არ აღენიშნებოდა. ამასთან, თვითონ მღებრიშვილი ამბობს, რომ ღამურების გატაცების მცდელობა, რომელსაც მას საოკუპაციო რეჟიმი ადანაშაულებდა, სისულელეა და ამის "აღიარება" დაავალეს.