ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებით და ესპანურ IE University-სა და რუმინულ Babeş-Bolyai University-სთან თანამშრომლობით 2020 წლის 10 ოქტომბერს, 12:00-დან 18:00 საათამდე გაიმართება განათლების საერთაშორისო ვირტუალური გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 22 უნივერსიტეტს 13 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. მათ შეეძლებათ პირადად დაუკავშირდნენ უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვან მათთვის საინტერესო კითხვები.

განათლების ვირტუალური გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: https://leafonlinefair.com/

Black Hills State University (BHSU) არის სახელმწიფო უნივერსიტეტი სამხრეთ დაკოტას შტატში, ქალაქ სფეარფიშში.

უნივერსიტეტი 1883 წელს დაარსდა. 1924 წლიდან უნივერსიტეტმა დაიწყო 4-წლიანი საბაკალავრო პროგრამების განხორციელება.

Black Hills State University-ში საბაკალავრო, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამების მრავალფეროვნებაა. BHSU სტუდენტებს სთავაზობს 120-ზე მეტ ძირითად (მეიჯორი) და დამატებით (მაინორი) სპეციალობას. ეს ნიშნავს, რომ უნივერსიტეტში შეიძლება აირჩიო საგანმანათლებლო პროგრამა თითქმის ყველა კარიერული მიზნისათვის.

უნივერსიტეტში ოპერირებს 3 კოლეჯი.

ბიზნესისა და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კოლეჯი, რომელიც მრავალ აკადემიურ პროგრამას მოიცავს სხვადასხვა სფეროში: ბუღალტერია, მენეჯმენტი, ქიმია, ბიოლოგია და ბევრი სხვა. კოლეჯში ყურადღება ექცევა იმას, რომ სტუდენტებმა შეიძინონ ლიდერული უნარები და მიიღონ პრაქტიკული ცოდნა სტუდენტურ ორგანიზაციებთან მუშაობითა და სხვადასხვა ინდუსტრიაში სტაჟირების პროგრამების საშუალებით.

განათლების და ქცევითი მეცნიერებების კოლეჯი, სადაც ისწავლება ისეთი სპეციალობები, როგორიც არის ფსიქოლოგია, სოციოლოგია, განათლება და სხვა. BHSU-ში არის ყველაზე დიდი პედაგოგთა სწავლებისა და მომზადების პროგრამა მთელს სამხრეთ დაკოტაში.

თავისუფალი მეცნიერებების (Liberal Arts) კოლეჯი, სადაც სტუდენტები იღებენ მრავალმხრივ განათლებას სხვადასხვა მიმართულებით: სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ჰუმანიტარული მეცნიერებები, მათემატიკა და სოციალური მეცნიერებები.

სამაგისტრო პროგრამებს შორის არის ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამაც (MBA).

სხვადასხვა სასერტიფიკატო კურსთან ერთად BHSU სტუდენტებს სთავაზობს დისტანციურ (ონლაინ) სწავლებასაც როგორც სადიპლომო ასევე სასერტიფიკატო განხრით.

ფოტო: Black Hills State University