ნაციონალური მოძრაობის წევრი, სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ ვერ მოუწოდებს მისი პარტიის ამომრჩცეველს მხარი დაუჭიროს კანდიდატს, რომელიც ამბობს, რომ მათი ხმები არ სჭირდება. ამის შესახებ ის ფეისბუქზე წერს.

"სიმართლე უფრო მნიშვნელოვანიო ამბობს. ოღონდ ეს ისეთი სიმართლეა, როგორიცაა ის, რომ მიშას და ბიძინას ერთი და იგივე რამე სურთ, ენმ-ს არ ეკუთვნოდა მაჟორიტარების ყველგან დაყენება", — წერს სამადაშილი გირჩის ლიდერზე, ზურაბ ჯაფარიძეზე.

სამადაშვილი თავის პოსტში აღნიშნავს, რომ ოპოზიციის რეალური ფორმულა ერთიანი სია და ერთიანი მაჟორიტარები იყო, თუმცა ასე არ მოხდა. ამასთან, მან სამწუხარო უწოდა იმ შემთხვევას, რომ ნაციონალური მოძრაობის წინააღმდეგ "მეორე ფრონტს" ხსნიან.

"ცხადია, რომ მსგავსი მიდგომით ბატონი ჯაფარიძე ზრდის ცეკას ინსტრუქტორი ვოლსკის შანსს, გაიმარჯვოს, რაც საშინლად გულდასაწყვეტია. მინდა, ბატონმა ჯაფარიძემ მოიგოს. ენმ-ს ამომრჩეველს, ვერ მოვუწოდებ ხმა მისცეს რომელიმე კანდიდატს, ვინც მათ ეუბნება რომ მათი ხმა არ სჭირდება. სიმართლე უფრო მნიშვნელოვანიო ამბობს [...] პოლიტიკოსისგან რომ ხმები არ აინტერესებს, დიახ, მაშინ სოციალური კომენტატორი ყოფილა ზურა ჯაფარიძე, და არა პოლიტიკოსი. პოლიტიკოსი რომელსაც ხმები არ აწუხებს ისეთივე ოქსიმორონია, როგორც უხმო მომღერალი. მე თუ ამომრჩევლის ხმა არ მაწუხებს, რატომ დამიჭერს მხარს?" — წერს სამადაშვილი.

სამადაშვილის თქმითვე, ამ ვითარებაში არ უნდა ეთქვა, რომ "პოლის ჯოხი" ზურაბ ჯაფარიძეზე მეტ ხმას აიღებს და ეს "ქართული ენის სიწმინდის დაცვას" დაუკავშირა:

"ცხადია, არ უნდა მეთქვა, რომ ამ ვითარებაში "პოლის ჯოხიც" მეტ ხმას აიღებს. ქართული ენის სიწმინდის დაცვაზე ჩართული და გამორთული მიკროფონის პირობებშიც უნდა ვიზრუნოთ".

23 სექტემბერს, TV პირველის ეთერში გირჩის ლიდერმა განაცხადა, რომ 30 მაჟორიტარული ოლქიდან ნაციონალურ მოძრაობას 25 ოლქი არ უნდა შეხვედროდა. მისივე თქმით, მაჟორიტარული ოლქები რომ პროპორციულად განაწილებულიყო, ენმ-ს ნახევარი ან ნახევარზე მეტი ოლქი შეხვდებოდა და არა 25, რადგან ამაზე მეტყველებს რეიტინგები.

ჯაფარიძის ამ განცხადებას ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილმა სტუდიაშივე უპასუხა და თქვა, რომ რეიტინგებისა და წინა არჩევნების შედეგების მიხედვით თუ იმსჯელებდნენ, ჯაფარიძე დღეს ვერც ერთ ოლქში ვერ იქნებოდა მაჟორიტარობის კანდიდატად წარდგენილი. დეპუტატის თქმით, ის, რომ ჯაფარიძე დღეს დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში იყრის კენჭს, მისთვის ენმ-სგან საჩუქარია.

დისკუსიის პროცესში სამადაშვილმა ჯაფარიძეს ასევე უთხრა, რომ მსგავსი ტაქტიკით თავადვე ამცირებდა დიდუბის ოლქში არჩევნების მოგების შანსს, რაზეც გირჩის ლიდერმა უპასუხა — "ჩემთვის სიმართლე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე თქვენი ხმები".

სწორედ ამასთან დაკავშირებით გამართა ორი დღის შემდეგ პრესკონფერენცია ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ, სადაც სალომე სამადაშვილმა აღნიშნა, რომ ჯაფარიძემ ამომრჩეველს ბოდიში უნდა მოუხადოს.

ამავე თემაზე: