ირაკლი კობახიძე ისევ სახალხო დამცველს აკრიტიკებს და მას უპასუხისმგებლოს, სამარცხვინოსა და ოპოზიციონერ ომბუდსმენს უწოდებს. ამ ფორმით ეხმაურება ის ლომჯარიას განცხადებას იმის შესახებ, რომ წინასაარჩევნოდ ოპოზიციის წევრებს ემუქრებიან.

კობახიძის თქმით, რამდენიმე წელია ლომჯარია აცხადებს, რომ ვიღაცეებს ემუქრებიან და ძალადობენ, მაგრამ ვერცერთხელ ვერ დაასახელა, ვისზეა საუბარი. მისი თქმით, ეს ეჭვს აჩენს და უპასუხისმგებლობაა.

"ეს ხდება ათი წლის განმავლობაში, თუ როდიდანაც ხდება. 2013, 14, 15 რაღაცა, მუდმივად გვესმის ეს განცხადებები NGO-ების მხრიდან და... ომბუდსმენი დაახლოებით იგივეა სამწუხაროდ. მანდატით სხვა რამეა, მაგრამ არსებითად იგივეა, რაც NGO.

როგორ შეიძლება ეს? 2012 წელს, როცა მართლა იყო მუქარა, მილიონობით ფაქტი იცოდნენ ადამიანებმა. არაფერი არ სჭირდებოდა ამას. შეიძლება ამდენი წელი გესმოდეს და ერთი ადამიანი არ გამოდიოდეს და არ ამბობდეს?" — განაცხადა მან რუსთავი 2-ის ეთერში.

ჟურნალისტის დამაზუსტებელ კითხვაზე, ეს რომ სამარცხვინო ყოფილიყო, აშშ-ის ელჩი ამ ფაქტს თუ გამოხმაურებოდა, კობახიძე პასუხობს, რომ ელჩი პატივს სცემს ომბუდსმენის ინსტიტუტს და არ იცის, რომ მის უკან "სამარცხვინო რამე დგას". გადაცემის მსვლელობისას მან არაერთხელ გაიმეორა, რომ "სირცხვილია", როცა ლომჯარია აკეთებს საჯარო განცხადებებს, ანონიმურ წყაროებზე.

წამყვანმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტსაც, რომ ნინო ლომჯარიას ომბუდსმენად დანიშვნას ქართულმა ოცნებამაც დაუჭირა მხარი, რაზეც კობახიძემ აღნიშნა, რომ მათ ოპოზიციას მისცეს ეს ინსტიტუტი, რადგან იყო ეს მოთხოვნა.

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას თქმით, წინასაარჩევნოდ უკვე დაფიქსირდა ძალისმიერი ანგარიშსწორების ფაქტები, პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და პირადი ცხოვრების გამოყენებით ადამიანების დაშინებაც ხდება. როგორც ლომჯარიამ აღნიშნა, წინა წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ საარჩევნოდ გამოვლენილი ძალადობრივი ქმედებების გამო არავინ დასჯილა.

ეს პირველი შეთხვევა არ არის, როდესაც მმართველი გუნდის წევრები ომბუდსმენს აკრიტიკებენ განსხვავებული აზრის ქონისა და ხელისუფლების კრიტიკის გამო.