გაეროს გენერალურ ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ საქართველომ მოახერხა გამკლავებოდა პანდემიის შემოტევას. მან ისევ ისაუბრა ხელისუფლებისა და ეპიდემიოლოგების წვლილზე და განაცხადა, რომ მათი და მოქალაქეების წყალობით საქართველო მწვანე ზონად რჩება.

"სირთულეების მიუხედავად, საქართველოში ჩვენ მოვახერხეთ, გავმკლავებოდით პანდემიის შემოტევას, რაც დაინახა და ერთხმად აღიარა მთელმა მსოფლიომ. კოვიდ-19-თან ბრძოლაში პროაქტიული გადაწყვეტილებების, ხელისუფლების, ექიმებისა და ეპიდემიოლოგების თავდაუზოგავი შრომის და რაც მთავარია, ჩვენი მოქალაქეების მაღალი პაუხისმგებლობის და სწორი მენეჯმენტის წყალობით მივაღწიეთ იმას, რომ საქართველო კვლავ მწვანე ზონად რჩება", — აღნიშნა მან.

მისივე თქმით, "განსაცდელი არსად წასულა, ვირუსი ისევ გვიტევს", მაგრამ, დაგროვილი ცოდნა მათ აძლევთ საშუალებას, სიტუაცია თანმიმდევრულად მართონ და "ყველას გაუზიარონ საქართველოს წარმატებული გამოცდილება".

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია წელს 75 წლის გახდა და პირველად, მისი არსებობის განმავლობაში, გენერალური ასამბლეა იმართება დისტანციურად.

25 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 265 შემთხვევა დაფიქსირდა, საიდანაც 165 ერთ რეგიონში, აჭარაშია. ქვეყანაში კორონავირუსის 4 664 შემთხვევაა გამოვლენილი, საიდანაც 1 759 უკვე გამოჯანმრთელდა, 27 კი გარდაიცვალა.