ევროპული საქართველოს საარჩევნო შტაბის ხელმძღავნელი, სერგი კაპანაძე, ქვეყნის კიბერუსაფრთხოებასა და შესაძლო საფრთხეებზე საუბრობს. კაპანაძის თქმით, ხელისუფლებას არ აქვს არც რესურსი, არც სტრატეგია და არც მზადყოფნა, რათა დაცული იყოს ქვეყნის კიბერუსაფრთხოება.

მისივე თქმით, იმის მაგივრად, რომ ხელისუფლებამ შექმნას შესაბამისი საკანონმდებლო ჩარჩო, ის კანონმდებლობას იყენებს იმისათვის, რომ გაზარდოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფლებამოსილება და ის ჩარიოს კერძო კომპანიების საქმეში.

"კიბერუსაფრთხოება არის ძალიან სერიოზული თემა, რომელიც ბოლომდე მიშვებულია ხელისუფლების მხრიდან, არ არსებობს არც სტრატეგია, არც მზადყოფნა და არც რესურსი და შესაბამისი საკანონმდელო ჩარჩო, რომელიც გამოყენებული იქნებოდა ქვეყნის მიერ მაგალითად, რუსეთიდან მომდინარე კიბერ საფრთხეების თავიდან ასაცილებლად", — განაცხადა მან.

მისივე თქმით, იყო რამდენიმე კიბერშეტევა, რომელზეც ქვეყანას ადეკვატური რეაგირება არ ჰქონია.

"რაც შეეხება საკანონმდებლო ჩარჩოს, პირიქით, სურვილი და მისწრაფება ხელისუფლების არის, რომ ეს გამოწვევები გამოიყენოს სუს-ისთვის მეტი უფლებამოსილების მისაცემად და მათთვის ისეთი ჩარჩოს შესაქმნელად, რომელიც მათ საშუალებას მისცემს, კერძო კომპანიების საქმეში ჩაერიოს და არა პირიქით, მოაგავროს უსაფრთხოების პრობლემა.

ბუნებრივია, ეს გამოწვევა პარტიებისთვისაც გამოწვევაა, მათ შორის ევროპული საქართველოსთვისაც და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაც უნდა შეიცვალოს ამ არჩევნებში ხელისფლების დამარცხების შემდეგ, არის სწორედ ის, რომ კიბერუსაფრთხოება, სხვა უსაფრთხოებასთან ერთად გახდეს პრიორიტეტული და ჩვენ ვიყოთ ისეთივე ძლიერი ამ კუთხით, როგორიცაა მაგალითად ესტონეთი.

ეს არის შესაძლებელი, თუმცა ამას სჭირდება ძლიერი გუნდი, ძლიერი ქვეყანა და სწორი ხედვა", — განაცხადა სერგი კაპანაძემ.