საქართველოს პრემიერმინისტრმა გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე საერთაშორისო პარტნიორებს სიტყვით მიმართა. გიორგი გახარიამ ქვეყნის თითოეული მოქალაქის სახელით მსოფლიო საზოგადოებას მოუწოდა, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის უკანონო ქმედებებს, რათა ერთობლივი ძალისხმევით ვაიძულოთ ის, შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები.

პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ 2008 წელს რუსეთის ღია და ფართომასშტაბიანი აგრესიის შეკავება საქართველომ საერთაშორისო თანამეგობრობის — ამერიკის შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მტკიცე მხარდაჭერით შეძლო.

მანვე აღნიშნა, რომ დღეს, როცა მსოფლიო პანდემიას ებრძვის, რუსეთი აგრძელებს აგრესიულ ქმედებებს, უკანონო ბორდერიზაციასა და ინტენსიურად იყენებს ჰიბრიდული ომის ინსტრუმენტებს.

რაც შეეხება რუსეთს, გიორგი გახარიამ რუსეთს მოუწოდა კონსტრუქციული პოზიცია დაიკავოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფარგლებში, სადაც გაეროს, ეუთოს, ევროკავშირისა და აშშ-ს მონაწილეობით განიხილება აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან დაკავშირებით უსაფრთხოების საკითხები, როგორიცაა რუსეთის მიერ საქართველოს წინააღმდეგ ძალების არგამოყენება, ჯარების გაყვანა, უსაფრთხოების საერთაშორისო მექანიზმების შექმნა და იძულებით გადაადგილებულთა და ლტოლვილთა საკუთარ სახლებში დაბრუნება.

გაერთიანებული ერების ორგანიზაცია წელს 75 წლის გახდა და პირველად, მისი არსებობის განმავლობაში, გენერალური ასამბლეა იმართება დისტანციურად

ამავე თემაზე: