იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ განაცხადა, რომ სასამართლოებში ვაკანსიების რაოდენობა დაახლოებით 1 წლის წინ გაზარდეს და ამის მიზეზი სწორედ მოსამართლეების რაოდენობა იყო. აღნიშნულით მიქაუტაძემ საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს უპასუხა, რომელმაც განაცხადა, რომ "კლანი" მოსამართლეების დეფიციტს ხელოვნურად ინარჩუნებს.

მიქაუტაძის განცხადებით , როდესაც მოსამართლეების კონკურსები მიმდინარეობდა, ვაკანსიების რაოდენობის გაზრდას ნაზი ჯანეზაშვილი აპროტესტებდა, რის გამოც მას ორმაგ სტანდარტში ადანაშაულებს.

"მეც ვნახე ეს განცხადება და, მე ვფიქრობ, რომ უკვე უხერხულობას უნდა განიცდიდეს, როგორც მინიმუმ, იმდენად ორმაგ სტანდარტს მისდევს ქალბატონი ნაზი და, როცა რა სჭირდება, იმას საუბრობს", — განაცხადა მიქაუტაძემ.

რაც შეეხება კონკურსის გაჭიანურებას, მიქაუტაძემ განაცხადა, რომ არსებობს პროცედურები კონკურსის გამოცხადებიდან და ვადები, რათა შეგროვდეს დოკუმენტაცია მონაწილე პირების შესახებ, შემდეგ კი საბჭოს წევრები გაეცნონ დოკუმენტაციას.

"იმ რეფორმებმა, რომელიც გატარდა, საკმაოდ რთული პროცედურა შემოგვთავაზა მოსამართლეების შერჩევის და ამ პროცედურას სჭირდება დაახლოებით 3 თვე. ეს არც ქალბატონ ნაზიზე, არც საბჭოზე და არც სხვა ვინმეზე არაა დამოკიდებული, საკანონმდებლო მოთხოვნაა. ეს თუ არ იცის ძალიან ცუდია, თუ იცის ესეიგი სათავისოდ მანიპულირებს და იყენებს ამ გარემოებას", — თქვა მიქაუტაძემ

დღეს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმა განცხადა,რომ სასამართლო ხელისუფლებას ქვეყნის მასშტაბით მოსამართლეების საჭირო რაოდენობა არ ჰყავს, რაც სასამართლო პროცესების გაჭიანურების მთავარი მიზეზია. მისი თქმით, მოსამართლეების, ასევე, შესაბამისი მოხელეების დასამატებლად ბიუჯეტში შესაბამისი ფინანსები გათვალისწინებულია, თუმცა "გავლენიანი კლანი" ხელოვნურად ინარჩუნებს მოსამართლეთა დეფიციტს. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს რაიონულ სააპელაციო სასამართლოებში 109 ადგილი ვაკანტურია, ანუ 387-ს ნაცვლად 278 მოსამართლეა.