ოკუპირებული ცხინვალის ციხიდან გათავისუფლებული ხვიჩა მღებრიშვილის განცხადებით, ღამურების გატაცების მცდელობა, რომელსაც მას საოკუპაციო რეჟიმი ადანაშაულებდა, სისულელეა და ამის "აღიარება" დაავალეს.

"ღამურების თემა სისულელეა, რაღაცა მოაგონდათ. ინგლისური არ ვიცი, რა ლუგარი, რა ამერიკელები. საჭიროა და ეგრე გააკეთეო და გავაკეთე, სხვა ვარიანტი არ იყო", — ამბობს მღებრიშვილი.

მისივე თქმით, მან მასთან ერთად დაკავებული ქართველებიც ნახა და ისინი კარგად არიან და გათავისუფლებას ელოდებიან.

ხვიჩა მღებრიშვილი იხსენებს, რომ სამ ივლისს ის არცევში მიდიოდა, ტელეფონზე უსმენდნენ და ელოდებოდნენ, რა დროსაც დაიჭირეს და ოკუპირებულ ცხინვალში წაიყვანეს.

86 დღიანი პატიმრობის შემდეგ, სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრები, ხვიჩა მღებრიშვილი დღეს, 25 სექტემბერს გათავისუფლეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ გუშინ, 24 სექტემბერს ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 97-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ მღებრიშვილის გათავისუფლებას დღეს ელოდებოდნენ.

მღებრიშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და ცხინვალის რეგიონიდან ღამურების გატანის მცდელობის ბრალდებით იყო დაკავებული. ანთაძის თქმით, სხვა უკანონოდ დაკავებულების გასათავისუფლებლად მუშაობა გრძელდება.