ბელარუსის დედაქალაქ მინსკში, ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს წევრის, მარია კოლესნიკოვას ადვოკატი დააკავეს. TUT.BY-ს ცნობით, ლიუდმილა კაზაკს არასანქცირებულ მასობრივ ღონისძიებაში მონაწილეობასა და პოლიციის მოთხოვნების დაუმორჩილებლობაში ადანაშაულებენ.

წინასწარი დაკავების იზოლატორში მანამდე ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოსა და მისი წევრების დაცვასთან კავშირში მყოფი კიდევ ორი ადვოკატი, მაქსიმ ზნაკი და ილია სალეი, მოხვდა.

ბელარუსში საპროტესტო აქციების პარალელურად ალექსანდრე ლუკაშენკოს ხელისუფლების მხრიდან რეპრესიები კვლავ გრძელდება. აქციებზე აკავებენ ათეულობით ადამიანს, ოპოზიციის წევრებს კი დაკითხვებზე იბარებენ. რამდენჯერმე გავრცელდა ინფორმაციაც დაკარგულებზეც.

მოქალაქეები ალექსანდრ ლუკაშენკოს კვლავ გაპრეზიდენტებას აპროტესტებენ და არჩევნების თავიდან ჩატარებას მოითხოვენ. არჩევნების შედეგებს არ აღიარებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელიც შედეგების გამოცხადების შემდეგ იძულებული იყო, ქვეყანა დაეტოვებინა. მისი ინიციატივით, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა.

ევროპარლამენტმა ბელარუსში აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებული უწოდა და არ აღიარა. ევროპარლამენტის თქმით, ლუკაშენკოს 5 ნოემბრიდან, როცა მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, პრეზიდენტად აღარ აღიარებენ. ასევე, ევროკავშირს მოუწოდეს, რომ ლუკაშენკოს ეკონომიკური სანქციები დაეკისროს.