ევროპული საქართველოს ლიდერის, დავით ბაქრაძის თქმით, უმძიმესი ეკონომიკური კრიზის ქართული ოცნების ხელისუფლების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკისა და კორონაკრიზისის არაეფექტური მართვის შედეგია.

ბაქრაძემ აღნიშნა, რომ გარდამტეხი ცვლილებების გარეშე, ეკონომიკა და ქვეყანა განწირულია, რომ დარჩება უკუსვლაში, გაჭირვებასა და კრიზისში.

"ქართული ოცნების არასწორი ეკონომიკური პოლიტიკის გამო, ბოლო წლებია ლარი მუდმივად უფასურდება. ამას დაემატა გაზაფხულზე ეკონომიკის მთლიანი ჩაკეტვა, არასწორი მენეჯმენტის შედეგად. დაემატა უზარმაზარი საგარეო ვალი, რომელსაც წელს იღებს მთავრობა და ემატება ის საბიუჯეტო ვალდებულებები, რომელსაც იღებს ოცნება არჩევნების მოსაგებად. ამიტომ, ქვეყანა შესულია ძალიან ღრმა ეკონომიკურ კრიზისში და ერთადერთი გამოსავალი გახლავთ გარდამტეხი ცვლილებების მოტანა არჩევნებზე, ცვლილებების, რომელიც გულისხმობს გადასახადების შემცირებას, სამთავრობო ხარჯების რადიკალურ შემცირებას, უცხოური ინვესტიციების შემოყვანას და არასწორი და მავნებლუირ რეგულაციების გაუქმებას. ამ ყველაფრის შედეგად გამყარდება ლარიც, წინ წავა ეკონომიკაც და ქვეყანა გამოვა კრიზისიდან. თუმცა, გარდამტეხი ცვლილებების გარეშე და საარჩევნო ცვლილების გარეშე, დღევანდელი ეკონომიკა განწირულია იმისათვის, რომ ქართული ოცნების ხელში ქვეყანა დარჩეს უკუსვლის, კრიზისის და გაჭირვების პირობებში", — აცხადებს დავით ბაქრაძე.