ევროპული საქართველოს მაჟორიტარობის კანდიდატი გორსა და კასპში, ლევან თარხნიშვილი, კასპის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების მძიმე პრობლემაზე საუბრობს.

ლევან თარხნიშვილის თქმით, კასპსა და მის სოფლებში, არის წყალმომარაგების მძიმე პრობლემა, მოსახლეობას მხოლოდ დღეგამოშვებით მიეწოდება წყალი, ხოლო როგორც ადგილობრივი, ისე ცენტრალური ხელისუფლება, თანხებს არა ამ პრობლემის მოსაგვარებლად, არამედ საკუთარი ფუფუნების საგნებზე ხარჯავს.

"საქართველოს სოფლების და რეგიონების ერთ-ერთი მთავარი პრობლემა, უმუშევრობასა და სიღარიბესთან ერთად, სასმელი და სარწყავი წლის დეფიციტი და ზოგადად ინფრასტრუქტურაა. გამონაკლის არც ქართლის მუნიციპალიტეტია. ქ. კასპსა და მიმდებარე სოფლების უმეტესობას წყალი მკაცრი გრაფიკით (1-2 საათი დღეში ან უფრო იშვიათად) მიეწოდება.

ბიძინა ივანიშვილი და ქართული ოცნება საქართველოს და მის რეგიონებს ამ პრობლემის მოგვარებასაც პირდებოდა, მაგრამ არც ეს დანაპირები შეასრულა. უფრო მეტიც მილიონობით ლარი წავიდა ოცნების პარტ-აქტივის, ბიუროკრატიისა და მათი ნათესავების ჯიბეში. კასპის მოსახლეობა კი კვლავ წყლის გარეშეა. დღეს რამოდენიმე ფაქტს გაგაცნობთ:

1. ქ. კასპი ძირითადად მარაგდება ორი წყაროთი: მდინარე ლეხურა და კასპთან არსებული რეზერვუარები. ორივე ამ წყაროს თავის პრობლემა აქვს - ა) ლეხურას სათავე ოკუპირებულ ტერიტორიაზეა და წყლის ოდენობა ოკუპანტის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. ასეც, რომ არ იყოს მდინარის კალაპოტში წყლის მასას ნალექების რაოდენობა და კლიმატი განსაზღვრავს, რადგან ამ ნაწილში რეზერვუარი უბრალოდ არ არსებობს. შესაბამისად, წვიმების პერიოდის გარდა კასპის დაახლოებით 1/3-ს წყალი პრაქტიკულად არ მიეწოდება. ბ) რეზერვუარები მოძველებულია და ქალაქის მოთხოვნას ვერ აკმაყოფილებს. ფაქტობრივად იქ დაგროვილი წყალი კასპის ცემენტის ქარხანას ხმარდება და მხოლოდ ნარჩენი ნაწილი მიეწოდება მოსახლეობას. 8 წლის განმავლობაში ქართულ ოცნებას არაფერი არ გაუკეთებია ამ პრობლემის მოსაგვარებლად და მიუხედავად იმისა, რომ არსებობს პროექტი და მუნიციპალური განვითარების საერთაშორისო ფონდი მზად იყო გაეღო შესაბამისი თანხა;

2. სოფელი მარნის ნაწილში ე.წ. "პასიოლაკში" წყლის და ინფრასტრუქტურის პრობლემის მოსაგვარებლად თითქმის მილიონ ნახევარი ლარი დაიხარჯა. შედეგი სავალალოა: გზა შუა სოფელში წყდება, სარწყავი არხები ცარიელია და სოფლის ონკანში წყალი არ მოდის უკვე რვა წელია;

3. სოფელ თხილნარში 250 000 ლარი დაიხარჯა წყლის ავზის ასაშენებლად, მაგრამ არ გაკეთდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა. შედეგი უცვლილია - უწყლობა;

4. სოფელ ბოჟამში ყველაფერი ადგილზეა, თუმცა გაურკვეველი მიზეზით წყალი მოსახლეობას მაინც არ მიეწოდება;

5. შპს ფუძემ კასპში კანალიზაციის სამუშაოების შესრულებას 115 დღით გადააცილა. მიზეზად ჭარბი ნალექი მოიტანა. გადაამოწმების შემდეგ დადგინდა, რონ არანაირი ჭარბი ნალექი არ იყო, თუმცა შპს 115 დღით დაგვიანებისთვის 121 ათასის ნაცვლად მხოლოდ 1000 ლარით დაჯარიმდა.

ეს მხოლოდ რამოდენიმე მაგალითია კასპის ცხოვრებიდან. ყველა მათგანი ქართული ოცნების ჭეშმარიტ სახეს უჩვენებს - ადამიანების იგნორირება, მოპარული ფული, გამდიდებული ბიურაკრატები, სახელმწიფო რესურსის უყაირათოდ ხარჯვა და ორმაგი სტანდარტი. თან ეს ხდება გაზრდილი პრემიების და ბიუროკრატიული ხარჯების ფონზე. ეს უნდა დასრულდეს! გარდამტეხი ცვლილებების დროა. ევროპული საქართველო იქნება თქვენი კომპასი ამ ცვლილებებისთვის", — განაცხადა ლავან თარხნიშვილმა.