მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მხოლოდ სექტემბერია, შემოდგომის დადგომა უკვე იგრძნობა. მზიან დღებს ვემშვიდობებით და შემოდგომის მყუდრო საღამოებისთვის სქელი პლედებით, სურნელოვანი სანთლებითა და გოგრის დეკორაციებით ვემზადებით.

წლევანდელ შემოდგომაზე ინტერიერის დიზაინში გაჩენილ ტენდენციებზე ამ სტატიაში ცნობილი დიზაინერებისგან შეიტყობთ. ქსოვილის უხეში ფაქტურა, მოწნული ავეჯი, ჟანგისფერი აქსესუარები და სხვა — ეს ყველაფერი თქვენს სახლში წლის ყველაზე მრავალფერადი სეზონის ატმოსფეროს შემოიტანს.

1. უხეში ქსოვილი

ფოტო: Christina Deravedisian / Unsplash

"შემოდგომა ქსოვილების სეზონია; ბუკლე, ხელოვნური ბეწვი და სხვაგვარი უხეში ნაჭერი", — ამბობს დიზაინერი ბრიჯიტ რომანეკი, — "როცა ყველა სახლშია, მათ სურთ თბილად, მყუდროდ და მშვიდად იგრძნონ თავი. ამგვარმა ქსოვილებმა კი დროის გამოცდას გაუძლეს და წლების განმავლობაში წარმატებით შეინარჩუნეს ძველებურის და ამასთან, მოდურის, წოდებაც. ეს იმას ჰგავს, ცხოველის პრინტი რომ ერთხანს ვულგარულად მიიჩნეოდა, თუმცა დღეს ვიცით, რომ ასეთი ფაქტურა მეტად გამორჩეული და მდიდრულია. ასეთ ტენდენციებს დრო ვერაფერს აკლებს", — დასძენს იგი.

2. მოწნული ავეჯი

ფოტო: Jordan Bigelow / Unsplash

"ტენდენცია, რომელიც ამჟამადაც არსებობს და, როგორც ჩანს, არსად წასვლას არ აპირებს, სწორედ მოწნული ავეჯია", — აღნიშნავს დიზაინერი კესი ვასკესი, — "მე ძალიან მომწონს ასეთი შესახედაობის მქონე ნივთები — უბრალოსა და ელეგანტურს შორის შესანიშნავი ბალანსია დაჭერილი. ამასთან ეს ტენდენცია კლასიკურიცაა და, სავარაუდოდ, ყოველთვის მოდური იქნება".

3. სკულპტურული ფორმები

ფოტო: Kari Shea / Unsplash

"ავეჯის დიზაინში ფორმა უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ხდება", — ამბობს ვასკესი, — "ნებისმიერი მსხვილი, მორკალული ან სკულპტურული მოყვანილობის ნივთი ახლა განსაკუთრებით მოდურია — ეს ყველაფერი ერთად კი, მით უკეთესი".

4. ტექსტურირებული კედელი

ფოტო: Jesse Bowser / Unsplash

"ტექსტურირებული — მობათქაშებული ან ქვით დაფარული ზედაპირის მქონე კედლები ოთახს პარიზული სახლებისთვის დამახასიათებელ სისრულესა და სითბოს სძენს, რაც დღის ნებისმიერ მონაკვეთში მომნუსხველი სანახავია".

5. კლასიკური სტილის კარადეულობა

ფოტო: Cabin Rugs / Unsplash

"რადგან ადამიანები დროის უმეტეს ნაწილს სახლში ატარებენ და სამზარეულოს განახლება მუდმივად სურთ ისე, რომ სივრცე არ დაკარგონ, ტრადიციული ტიპის კარადები, შესაძლოა, კვლავ მოდური გახდეს, რაც, ჩემი აზრით, შესანიშნავი გადაწყვეტილებაა ინტერიერის დიზაინში", — ამბობს დიზაინერი მენდი ჩენგი, — "ხასხასად შეფერილი კარადები და ხელმისაწვდომ ფასად შეძენილი ტექნიკა, სტილისდა მიუხედავად, თქვენს სამზარეულოს უმალ წარმოაჩენს მოდურად".

6. მდიდარი, ღრმა და მკვეთრი ტონები

ფოტო: Dan Gold / Unsplash

"როგორც წესი, ვცდილობ, ნეიტრალურ ელფერებს თავი ავარიდო, თუმცა ღრმა ტონიც, შესაძლოა, ნეიტრალურად წარმოჩინდეს", — დიზაინერი გილიან სიგელი, — "მათთვის, ვინც ნეიტრალურ ტონებს ანიჭებს უპირატესობას, საუკეთესო არჩევანი ალბათ Farrow & Ball-ის Preference Red იქნება, რომელსაც ინდიგოსფერის და იისფერის იერი დაკრავს".

7. ჟანგისფერი ტონი

ფოტო: Taylor Simpson / Unsplash

"წითელმურა ფერი შემოდგომას ყველაზე მეტად შეეფერება", — ამბობს ინტერიერის დიზაინერი სტეფანი სტაინი, — "ეს ტონი განსაკუთრებით მომწონს ხავერდზე, ხაოიანი ქსოვილის ფარდებსა და ტექსტურირებულ კედლებზე".

8. სქელი გადასაფარებლები

ფოტო: Jason Abdilla / Unsplash

"როცა იცვლება სეზონი, იცვლება ჩემი ლოგინიც", — ამბობს ინტერიერის გამფორმებელი კეიტ ლესტერი, — "ნაცვლად ფუმფულა და კომფორტული გადასაფარებლებისა, შემომაქვს ბამბის ან მატყლის თბილი საბნები. ეს მხოლოდ ოთახს კი არ სძენს მეტ სიმყუდროვეს, არამედ გამოსადეგია სტუმრებისა და ბავშვებისთვისაც, რომელთაც ცივ თვეებში თბილ და რბილ წამოსასხმელში გახვევა უყვართ".

9. სურნელოვანი სანთლები

ფოტო: Joanna Kosinska / Unsplash

"ჩემთვის შემოდგომა შეგრძნებებთან ასოცირდება — საყვარელი სურნელის მქონე სანთლების ანთება და სავარძელზე სქელ და ფუმფულა პლედებში გახვევა", — ამბობს დიზაინერი ელისონ გიზი, — "განსაკუთრებული ატმოსფეროს და ბუნების ფერის შემომტანია ტოტებითა და ჩამოცვენილი ფოთლებით გაფორმებული დეკორაციები".

10. ძვირფასი ქვების მუქი ტონები

ფოტო: Amy Humphries / Unsplash

"მე ყოველთვის მუქი ფერებისკენ ვისწრაფვი: ბადრიჯნისფერი, კაკაოსფერი, მდოგვისფერი (როგორც ხედავთ, ყველაფერს საჭმელს ვუკავშირებ), თუმცა თუკი მათ ცოტაოდეთ თბილ თეთრ, საგოზავის ან ძვლისფერს გავურევთ — უფრო რბილ და მოყავისფრო ტონებს — ნაკლებად მძიმე გარემოს შექმნის", — გვირჩევს ინტერიერის გამფორმებელი ელისონ გიზი.

11. ბუნების ელემენტები

ფოტო: Erica Marsland Huynh / Unsplash

"რადგან შინ უფრო და უფრო მეტ დროს ვატარებთ, მნიშვნელოვანია, ბუნებასთან კავშირი არ დავკარგოთ", — აცხადებს ბობი ბერკი, — "მე სხვადასხვა ნაქსოვი თუ ბუნებრივი მასალის გამოყენება მიყვარს: მოწნული ნივთები, ბამბუკის და ხის მოუხეშავი მასალები და სხვა. პრაქტიკული მხარის გარდა, ასეთი ნივთების ფერებს სივრცეში საჭირო სიმყუდროვე და სითბო შემოაქვს".

12. ტერაკოტას ფერები

ფოტო: Sarah Brown / Unsplash

"ჩვეულებრივ, შემოდგომაზე ვხედავთ, როგორ იფერებიან ფოთლები წითლად და ყვითლად. ამიტომ, ამ სეზონზე ყოველთვის მიყვარს ამ ტონების დეკორში შემოტანა", — ამბობს ბრეიდი ტოლბერტი, — "როგორც წესი, ნეიტრალურ და მინიმალისტურ ფერთა პალიტრისაკენ ვისწრაფვი, ამიტომ ტერაკოტას ტონებსა და ჟანგისფერს ინტერიერში სიმშვიდის შემოსატანად ვიყენებ. მნიშვნელობა არ აქვს, ეს ნახატი იქნება, გადასაფარებელი, ბალიში თუ თუნდაც დაგრაგნილი ხალიჩა შემოსასვლელში. შემოდგომაზე ელფერების სიმდიდრე მიყვარს".

13. სიმყუდროვის შემომტანი მასალა

ფოტო: Anastasiia Chepinska / Unsplash

"გარდა იმისა, რომ ამ სეზონზე ფერების მრავალფეროვნება — ოქროსფერი, ჟანგისფერი, ზეთისხილისფერი, ლურჯი — მიყვარს, სიმყუდროვის შემომტანი მასალაც მნიშვნელოვანია. ასეთია შალი, ხავერდი, ტყავი, ქაშმირი", — ამბობს მოლი კიდი, — "ყოველთვის ვურჩევ, ამ მასალებს გარედან შემოტანილი ბუნებრივი ელემენტები შეუხამონ, რადგან სწორედ გარე სივრცე განსაზღვრავს ინტერიერში გამოსაყენებელ ტონსაც და ფერთა გამასაც".

14. შემოდგომის სურნელი სახლში

ფოტო: Kira auf der Heide / Unsplash

"როცა საქმე ინტერიერის დიზაინს ეხება, ხშირად ყურადღებას მხოლოდ იმას ვაქცევთ, რისი დანახვაცაა შესაძლებელი, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს სურნელი", — გვირჩევს ინტერიერის დიზაინერი მელ ბინი, — "ამისათვის ყველაზე გამოსადეგი სწორედ სანთლებია, რომელიც ოთახში შემოდგომის ატმოსფეროს დაატრიალებს".

15. ხავერდოვანი ავეჯი

ფოტო: Angelo Pantazis / Unsplash

"შემოდგომის მოახლოებისას ბუკლესადმი ინტერესი იზრდება", — ამბობს დიზაინერი ენ კერი, — "ეს ტენდენცია გასული წლიდან დაიწყო და ახლა უკვე ბუკლეებს სხვადასხვაგვარი ელფერით ვაწყდებით. სწორედ ამიტომ შეიძინა ახალი სიცოცხლე ძვირფასი ქვების ტონებმა, განსაკუთრებით ასეთად შეფერილმა ხავერდმა და მოჰერმა, რაც დეკორის პროექტში მეტი დრამატულობის შემომტანიცაა".

შემოდგომის ტენდენციების გათვალისწინებით, სახლის თანამედროვე, გამორჩეული დიზაინით მოწყობაში ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი მიჰაუსი დაგეხმარებათ. 12 000 კვ. მეტრზე გაშლილ სივრცეში თქვენ შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან.

პროდუქციის ვირტუალურ ინტერიერში აღქმის შესაძლებლობით, ონლაინ მაღაზიით, სწრაფი მიტანის სერვისით, ლოიალურობის პროგრამებითა და სხვა უპირატესობებით მიჰაუსი თქვენი სახლის თუ სამუშაო სივრცის სიმყუდროვესა და კომფორტს უზრუნველყოფს.