პრემიერის თქმით, ქვეყანა აცნობიერებს, რომ წინ ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ელის. კიბერსივრცესთან დაკავშირებული საკითხები, რისკები და საფრთხეები, კი შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევად იქცეს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ საქართველოს კიბერუსაფრთხოების ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

„კიბერგანზომილება ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. კიბერსივრცეში ყოველდღიურად ხდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც წარმოადგენს არსებით ელემენტს მთავრობების, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურის და, ზოგადად, ქვეყნების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. სამწუხაროდ, ბოლო 12 წლის განმავლობაში საქართველო რამდენჯერმე დადგა მსგავსი საფრთხეების წინაშე. ჩვენ ყველას გვახსოვს: კიბერშეტევები რუსეთის მხრიდან 2008 წლის კონფლიქტის დროს, 2019 ოქტომბრის შეტევა, რომლის სამიზნეებსაც წარმოადგენდა კერძო და საჯარო სექტორის ვებგვერდების დიდი რაოდენობა და ბოლო შეტევა, რომელიც განხორციელდა 1-ელ სექტემბერს, როცა ზიანი მიადგა საქართველოს ჯანდაცვის ინსტიტუტებს, მათ შორის ლუგარის ლაბორატორიას. ხსენებულ საფრთხეებთან ეფექტიანად საბრძოლველად ძალიან მნიშვნელოვანია ძლიერი სტრუქტურული ბაზის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს შესაბამისი უწყებების მუშაობას მკაფიოდ გამიჯნული როლებისა და უფლებამოსილებების საფუძველზე", — განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრმა ხაზი გაუსვა კიბერუსაფრთხოების სფეროში სტრატეგიული პარტნიორებისა და მოკავშირეების ფასდაუდებელ მხარდაჭერას და მათ მადლობა გადაუხადა.

"გარწმუნებთ, ამ ქვეყნის პოლიტიკური ლიდერები სრული სერიოზულობით ეკიდებიან თავიანთ ვალდებულებებს და ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის ხელშესახები შედეგების მისაღწევად", — განაცხადა პრემიერმა.

საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი თბილისში, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს აპარატის ორგანიზებითა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით გაიმართა. ფორუმი, რომლის ძირითადი მიზანი ეროვნული კიბერუსაფრთხოების გარემოს წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პრობლემური საკითხების გადასაჭრელად შესაბამისი გეგმის შემუშავებაა, ყოველწლიური გახდება.