ლელოს წევრი ფიქრია ჩიხრაძე საზოგაოებრივ მაუწყებელზე მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აცხადებს, რომ არხის დამოუკიდებლობისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს, ვინ იქნება მისი ხელმძღვანელი.

"უკვე ბევრი წელია საზოგადოებრივი მაუწყებლის ბედზე და მის ფუნქციაზე საუბარი არ წყდება. ამდენი ხანია არ გადაწყდა პრობლემა, რაც მიუკერძოებელი, საზოგადოების ინტერესზე ორიენტირებული ტელევიზიის არსებობას შეეხება. ჩვენ კი ფულს სწორედ ამაში ვიხდით. ვიხდით ფულს, მაგრამ ხარისხიან პროდუქტს ვერ ვიღებთ. სამწუხაროდ, ვერც ერთი ხელისუფლება ვერ შეელია საზოგადოებრივი მაუწყებლის კონტროლის ბერკეტებს, არადა, გვახსოვს მცირეხნიანი გამონათებები საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიაში — როცა ხელისუფლებები რაღაც მიზეზით ვერ იცლიდნენ არხის კონტროლისთვის.

ჩვენ გვჭირდება დამოუკიდებელი და ქართული საზოგადოების წინაშე არსებულ გამოწვევებზე ადექვატურად მორეაგირე საზოგადოებრივი მაუწყებელი. ამის უზრუნველსაყოფად გადამწყვეტად მნიშვნელოვანია – ვინ იქნება არხის ხელმძღვანელი", — ამბობს ჩირხაძე.

იგი აცხადებს, რომ ლელო საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის პოსტის დასაკავებლად, ხათუნა ლაგაზიძის კანდიდატურას უჭერს მხარს.

"ლელო მხარს უჭერს ხათუნა ლაგაზიძის კანდიდატურას, რადგან, გარდა პიროვნული თავისუფლების უმნიშვნელოვანესი ფაქტორისა, მას აქვს ხედვა, რომელიც დღეს არსებულ ფართო გეოპოლიტიკურ კონტექსტში ზუსტად ესადაგება ქართული სახელმწიფოს ინტერესებს", — აცხადებს ჩიხრაძე.