გლდანის #8 დაწესებულებაში პატიმრის გაუპატიურების მუქარის შესახებ ადვოკატის განცხადებას ციხის დირექტორი ცილისწამებად მიიჩევს და შესაბამის უწყებებს სასწრაფო რეაგირებისთვის მიმართავს. ინფორმაციას ამის შესახებ სპეციალური პენიტენციური სამსახური ავრცელებს.

უწყების თქმით, ბოლო დღეებში #8 პენიტენციური დაწესებულების მისამართით "უსაფუძვლო და სრულიად აბსურდულმა" ბრალდებებმა მიზანმიმართული კამპანიის ხასიათი მიიღო და არაერთი ცილისმწამებლური განცხადება გაკეთდა პენიტენციური დაწესებულების დირექტორის მისამართით.

"ამჯერად, 24 სექტემბერს ტელეკომპანია ფორმულამ გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს #8 პენიტენციური დაწესებულების ოთხმა პატიმარმა თვითდაზიანებები იმიტომ მიიყენა, რომ მათ დაწესებულების დირექტორი სექსუალური ძალადობით დაემუქრა. ტელეკომპანია ფორმულას მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში გამოყენებული იყო მსჯავრდებულ შ.ჭ.-ს მეუღლისა და ადვოკატ ალექსანდრე კობაიძის ინტერვიუები. ადვოკატ კობაიძის განცხადებით: "ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ბატონი ქინქლაძე (დაწესებულების დირექტორი) ეჩხუბა პატიმრებს იმის გამო, რატომ არ მოსწონდათ ჩაი და ამის გამო უთხრა, რომ მას გააუპატიურებდა. რაზეც ადეკვატური პასუხი ჰქონდათ პატიმრებს".

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ეს არის N8 პენიტენციური დაწესებულების დისკრედიტაციის მცდელობა. ამ მხრივ მიზანმიმართული აქტიურობით გამოირჩევა ადვოკატი კობაიძე, რომელიც არის ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის ლიდერი, აქვს საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის გაცხადებული გეგმა და ამ მიზნით არ ერიდება არც ტყუილს, და არც პატიმრებისა და საპატიმროების თემით მანიპულირებას", — აცხადებენ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში.

მათივე თქმით, ადვოკატი ალექსანდრე კობაიძე შესაბამის უფლებამოსილ უწყებაში გუშინვე იქნა მიწვეული კონკრეტული ფაქტების მისაწოდებლად, თუმცა მან დათქმულ დროს მოუცლელობის მიზეზით, განაცხადა, რომ მის მიერ გამოთქმული ბრალდებების დამადასტურებელი ფაქტების მისაწოდებლად გამოცხადდება დღეს საღამოს.

სპეციალური პენიტენციური სამსახური აცხადებს, რომ ნოდარ ქინქლაძე N8 პენიტენციური დაწესებულების დირექტორად უწყვეტად მუშაობს 2013 წლის მაისიდან და მას უკავშირდება გლდანში წინა ხელისუფლების დროს გამეფებული წამების მძიმე შედეგების "წარმატებული ლიკვიდაცია" და შემდგომ თითოეულ პატიმარზე ზრუნვა მისი კეთილდღეობისათვის.

"არ არის გასაკვირი, რომ გარკვეული ძალების მიერ სწორედ ის იქნა შერჩეული დარტყმის ობიექტად. სპეციალური პენიტენციური სამსახური კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველას, თავი შეიკავონ პატიმრებითა და მათი ოჯახის წევრებით მანიპულირების მცდელობისაგან და არ გამოიწვიონ დესტაბილიზაცია პენიტენციურ დაწესებულებებში", — აცხადებენ უწყებაში.

გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულების უფროსს, ნოდარ ქინქლაძეს პატიმარი გაუპატიურების მუქარაში სდებს ბრალს. როგორც პატიმრის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ On.ge-ს გაუნცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფსა და ციხის უფროსს შორის დაპირისპირება ციხეში ჩაის მოთხოვნას მოჰყვა.