ორგანიზაცია თბილისი პრაიდის ცნობით, მათ ოფისზე მორიგი თავდასხმა განხორციელდა. ამჯერად, ოფისს შუახნის კაცმა ფეინთბოლის იარაღით ტყვიები დაუშინა. ამის შესახებ პრაიდის წარმოამდგენელმა გიორგი თაბაგარმა თავის ტვიტერზე დაწერა.

"ჩვენს ოფისზე პერიოდული თავდასხმები გრძელდება. ამჯერად, თავდამსხმელმა ფეინთბოლის იარაღიდან ათეულობით ტყვია ისროლა ჩვენს აივანზე. მივმართეთ პოლიციას და გვაქვს ვიდეო მტკიცებულება", — დაწერა თაბაგარმა.

ფოტო: გიორგი თაბაგარი

იგი On.ge-სთან ამბობს, რომ კაცმა 20-მდე ტყვია მაშინ ისროლა, როცა სკუტერით გადაადგილდებოდა. მისი თქმით, თავდამსხმელს ვიდეო მოპირდაპირე კაფიდან გადაუღეს და იქ ჩანს როგორ ტოვებს ის ადგილს.

"განვაცხადეთ, რა თქმა უნდა, პოლიციაში, ისევე, როგორც სხვა თავდასხმებზე. როგორიც იყო გურდონის სროლები თუ კვერცხის შეკვრა რომ გვხდებოდა ყოველდღე ოფისის შესასვლელთან. ეს გრძელდებოდა სრული ორი თვე. ბოლო პერიოდში უფრო შემცირდა, მაგრამ 24-ში იყო მორიგი შემთხვევა", — გვითხრა გიორგი თაბაგარმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, ყველა ფაქტზე მათ განცხადებული აქვთ და თავდამსხმელები რამდენჯერმე დაჯარიმდნენ, თავდასხმის შემთხვევები არ წყდება და სხვადასხვა ფორმით მაინც გრძელდება.

On.ge აღნიშნულზე შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა, მათ კომენტარს მოგვიანებით შემოგთავაზებთ.