85 დღიანი პატიმრობის შემდეგ, სოფელ მეჯვრისხევის მცხოვრების, ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლებას ხვალ, 25 სექტემბერს ელოდებიან. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 97-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

"ველოდებით რომ ეს იქნება ხვალ. დრო ჯერ არ ვიცით და ვერაფერს მოგახსენებთ, მაგრამ მთავარია რომ ეს ადამიანი დაუბრუნდება ოჯახს", — განაცხადა ანთაძემ.

მღებრიშვილი ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პროკურატურის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთასა და ცხინვალის რეგიონიდან ღამურების გატანის მცდელობის ბრალდებით არის დაკავებული. ანთაძის თქმით, სხვა უკანონოდ დაკავებულების გასათავისუფლებლად მუშაობა გრძელდება.