სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის, ირაკლი ანთაძის განცხადებით, ისინი კარავში ისხდნენ, როცა რუსულმა ვერტმფრენმა გადაუფრინათ. ერგნეთში გამართულ ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 97-ე შეხვედრის დასრულების შემდეგ, ანთაძემ ჟურნალისტებთან თქვა, რომ ეს საჰაერო სივრცის დარღვევის პირველი შემთხვევა არ იყო.

"სწორედ მაგ დროს, როცა ვერტმფრენმა გადაგვიფრინა, ვსაუბრობდი 11 სექტემბრის ქეისზე, როდესაც ანალოგიური შემთხვევა დაფიქსირდა და უშუალოდ ყველა მონაწილემ დაინახა, რამდენად ახლოს იყო ვერტმფრენი. რა თქმა უნდა, ეს არის უკიდურესად დესტრუქციული ქმედება, რომელიც სერიოზულ ზიანს აყენებს ადგილზე არსებულ უსაფრთხო გარემოს და ნეგატიურად მოქმედებს საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ, მკვიდრი მოსახლეობის ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე", — განაცხადა ანთაძემ.

11-თვიანი პაუზის შემდეგ ერგნეთში IPRM-ის მეორე შეხვედრა დღეს, 24 სექტემბერს გაიმართა. სუს-ის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის თქმით, მხარეები ამჟამად არსებულ ყველა პრობლემური საკითხი განიხილეს. მათ შორის: თამარ მეარაყიშვილის დევნის, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხვიჩა მღებრიშვილის გათავისუფლების საკითხი, ადმინისტრაციულ საზღვართან მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაცია და სხვა მნიშვნელოვანი საკითხები.