საქსტატმა საქართველოს სტატისტიკური წელიწდეული 2016 გამოაქვეყნა, რომელიც ასახავს 2015 წლის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებებს ქვეყანაში, გასულ წლებთან შედარებით.

ახალი მონაცემების მიხედვით, 2015 წელს ჩვილთა [იგულისხმება 1 წლამდე ბავშვი] სიკვდილიანობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია.

2015 წელს სულ 507 ჩვილი [მათგან 275 ბიჭი და 232 გოგო] გარდაიცვალა. 2014 წელს - 578. 1980 წლიდან 1 წლამდე ბავშვების სიკვდილიანობის მიხედვით, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 2015 წელს დაფიქსირდა.

როგორც ცნობილია, 2016 წლის მონაცემები ჯერ ბოლომდე დამუშავებული არ არის. წლევანდელი სტატისტიკური მონაცემების პირველადი ვერსია 2017 წლის მარტში გამოქვეყნდება.

საქსტატის ცნობით, წელიწდეული მომზადებულია სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ ჩატარებული სტატისტიკური გამოკვლევებისა და აღწერების საფუძველზე მიღებული მონაცემების, აგრეთვე, ქვეყნის ადმინისტრაციული ორგანოების (ფინანსთა სამინისტრო, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, ეროვნული ბანკი და სხვ.) მიერ წარმოებული ოფიციალური სტატისტიკის საფუძველზე.