ბაღებში სააღმზრდელო პროცესის დაწყების თარიღის ცვლილებებზე სააგენტოში ინფორმაცია არ აქვთ. შესაბამისად, როგორც უწყებაში On.ge-ს უთხრეს, ისინი1 ოქტომბერს სწავლის დასაწყებად ემზადებიან.

ბაღებში სწავლის დასაწყები მზადება გულისხმობს, რომ ყველა ბაღს უნდა ჰქონდეს ინდივიდუალური სამოქმედო გეგმა, საიზოლაციო ოთახები, სიცხის საზომები, ასევე, დახაზული უნდა იყოს ეზო, სადაც ბავშვები ჯგუფების მიხედვით გადანაწილდებიან.

რაც შეეხება ბაღების ინდივიდუალურ სამოქმედო გეგმას, სააგენტოს ცნობით, თითოეული ბაღი თავად დაარეგულირებს საიდან უნდა შეიყვანონ ბავშვები, ასევე, საიდან გაიყვანონ, სად გააკეთონ საიზოლაციო ოთახი და როგორ შეადგინონ ბავშვების მიყვანა-გაყვანის სია. მათივე ცნობით, ბაღებში ბავშვების თავმოყრა არ უნდა მოხდეს, ამიტომ აქტივობები შესაბამისად იქნება დაგეგმილი.

ამავე თემაზე პალიტრანიუსის ეთერში ისაუბრა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმაც. ნათია მეზვრიშვილის განცხადებით, ბაღებთან დაკავშირებით დღეს მსჯელობა გაიმართა, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიუღიათ. მისი თქმით, ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილი არ არის და საბჭოს უახლოეს სხდომაზე გადაწყვეტილებას მიიღებენ.