როგორ მუშაობს მედია წინასაარჩევნოდ — მონიტორინგის შედეგები

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

24 სექტემბერს, საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის შუალედური ანგარიშის პრეზენტაცია გაიმართა. პრეზენტაციაზე შეფასდა როგორც სატელევიზიო, ბეჭდური და ონლაინ მედიების მუშაობის ძირითადი მახასიათებლები, ასევე რადიოსა და სოციალური მედიის მიმართულებები. ზოგადი შეფასება ასეთია — მედია ძირითადად პოლარიზებულია, ნაწილში ვხვდებით მიკერძოებას, დისკრიმინაციას, სიძულვილის ენას. ეს შეფასებები გავრცელდა უმეტესად სატელევიზიო და ბეჭდურ მედიაზე, ონლაინ გამოცემებზე კი ყველაზე ნაკლებად. მედიამონიტორინგი 15 ივნისიდან 31 აგვისტომდე პერიოდს მოიცავს.

სატელევიზიო მედია

შუალედური მონიტორინგის მიხედვით, ტელევიზიებში ყველაზე მეტი დრო ეთმობოდა ქართულ ოცნებას, შემდეგ ნაციონალურ მოძრაობას, შემდეგ კი ევროპულ საქართველოს. ამასთან, წინა წლებთან შედარებით გაზრდილია ეთიკური დარღვევების ფაქტები.

დოკუმენტში წერია ისიც, რომ თითქმის ყველა არხზე პრობლემას წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპებისა და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის შემცველი განცხადებების უცვლელად და უკომენტაროდ გაშუქება. ამასთან, დაფიქსირდა სექსისტური განცხადებების ტირაჟირების რამდენიმე შემთხვევა. სექსისტური განცხადების ავტორი პოლიტიკოსებთან ერთად ჟურნალისტებიც იყვნენ.

მედიამონიტორინგის მიხედვით, ქართული ოცნება ყველაზე დადებითად იმედის ეთერში გაშუქდა, ყველაზე უარყოფითად კი მთავარი არხის ეთერში. ევროპულ საქართველოს ყველზე მეტი დრო ფორმულას ეთერში დაეთმო. ამ პარტიას ყველაზე პოზიტიური გაშუქება TV პირველზე და კავკასიაზე ჰქონდა, ნეგატიური კი, იმედზე.

ლელოს ყველაზე მეტი დრო TV პირველის ეთერში დაეთმო. ამასთან, ეს პარტია ყველაზე პოზიტიურად კავკასიაზე შუქდებოდა. პატრიოტთა ალიანსს კი, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე დიდ დროს ობიექტივი უთმობს.

პირველი არხი

მონიტორები საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო გამოშვებას: მოამბე 21 საათზე და გადაცემას: ახალი კვირა აკვირდებოდნენ. როგორც აღმოჩნდა:

  • მოამბეში ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო;
  • ყველაზე დადებითად პრემიერმინისტრი, გიორგი გახარია გაშუქდა;
  • ყველაზე უარყოფითად აქ მიხეილ სააკაშვილს აფასებდნენ;

ფოტო: მედიამონიტორინგის ანგარიში

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხის საინფორმაციო გამოშვებაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკური ამბების გაშუქების დროს მეტწილად დაცული იყო ეთიკური სტანდარტები, თუმცა საინფორმაციო პოლიტიკა ხელისუფლებისადმი ლოიალური იყო.

დოკუმენტის მიხედვითვე, პირველი არხის შემთხვევაში მთავარ პრობლემას წარმოადგენდა სიუჟეტების ზედაპირულობა, სიღრმისეული რეპორტაჟების ნაკლებობა. ამასთან, ზოგ შემთხვევებში ბალანსი ფორმალურად იყო დაცული. მონიტორინგის პერიოდში იყო შემთხვევები, როდესაც მოამბე ავლენდა ქართული ოცნებისადმი მიკერძოებას და არღვევდა ეთიკურ პრინციპებს;

  • 17 ივნისის 7 წუთიანი სიუჟეტი მიუძღვნა გიორგი გახარიას საარჩევნო გზავნილებს. როგორც წამყვანები, ისე სიუჟეტის ავტორი მხოლოდ ქართული ოცნების საარჩევნო მესიჯებზე, დაპირებებსა და გეგმებზე საუბრობენ და როგორც გახარიას, ისე მმართველ გუნდს მხოლოდ დადებით კონტექსტში წარმოაჩენენ;
  • 18 ივნისის 6 წუთიანი სიუჟეტი მიეძღვნა ჯანდაცვის სამინისტროს ერთწლიანი ანგარიშის პრეზენტაციას. სადაც მხოლოდ დადებითად იყო წარმოჩენილი როგორც მინისტრის ასევე მთავრობის მუშაობა;

კვლევაში გამოკვეთილია 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების გაშუქება პირველი არხის მიერ. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ არ გაშუქებულა რეზინის ტყვიების შედეგად აქციის მონაწილეების დაზიანებები და აქცენტი სამართალდამცველებზე თავდასხმასა და კანონდარღვევაზე კეთდებოდა.

"არაფერია ნათქვამი ხელისუფლების მხრიდან ძალის გადამეტების ფაქტებზე, დამიზნებით სროლასა და სხვა დარღვევებზე და არ არის ნაჩვენები სამართალდამცავების მხრიდან ძალადობის მომიტინგეების დაზიანების ამსახველი მძიმე კადრები", — ნათქვამია დასკვნაში.

დასკვნის მიხედვით, ტელევიზიას არ უხსენებია, რომ მიტინგის დაშლისას ორმა ახალგაზრდამ თვალი დაკარგა.

"ამ ფაქტის შესახებ წამყვანმა და ჟურნალისტმაც აღნიშნეს, რომ "დაშავებულებს შორის ორმა ადამიანმა ცალ თვალში მხედველობა სრულად დაკარგა". სიუჟეტის ავტორი აჩვენებს 21 ივნისის გამთენიისას აქციის მონაწილეების მიერ პოლიციის მანქანის დაზიანების ფაქტს, თუმცა არ გვიჩვენებს, როგორ უსწორდებოდნენ სამართალდამცველები მშვიდობიან მოქალაქეებს", — წერენ დასკვნაში.

მთავარი არხი

მთავარ არხზე მონიტორები 9-საათიან საინფორმაციო გამოშვებას, შაბათის მთავარსა და პოსტ ფაქტუმს აკვირდებოდნენ. როგორც აღმოჩნდა, ყველაზე მეტი დრო ამ არხის ეთერში მთავრობას დაეთმო და დათმობილი დროის 72% ნეგატიური იყო. ყველაზე დადებითად კი ტელევიზია ნაციონალური მოძრაობას აშუქებდა.

ფოტო: მედიამონიტორინგის ანგარიშ

ანგარიშის მიხედვით, მთავარი არხი ხშირად და მწვავედ აკრიტიკებს ხელისუფლებას და ეთერში ექსკლუზიური სიღრმისეული რეპორტაჟები გადის, ხშირად შუქდება სახელისუფლებო კორუფციის და ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტები. განსაკუთრებული აქცენტი კი კეთდება შსს-ზე და გამოუძიებელ საქმეებზე. თუმცა, "მოდარაჯე ძაღლის" ფუნქციის შესრულებას თან ახლავს ეთიკური დარღვევის ფაქტებიც.

დოკუმენტში მითითებულია, რომ მთავარი არხის ჟურნალისტები არ ერიდებიან ცინიკური, დამცინავი, ხშირად შეურაცხმყოფელი ტერმინოლოგიით ხელისუფლების წარმომადგენელთა შეფასებას. ამასთან, ანგარიშის მიხედვით, სიუჟეტები ხშირად დაუბალანსებელია და ოპოზიციის წარმომადგენელთა შეფასებები და ბრალდებები ფაქტების სახით არის წარმოდგენილი.

მონიტორების აზრით, მთავარი არხის საინფორმაციო გამოშვებაში შეიმჩნევა, რომ ჟურნალისტები ფაქტების სახით იმეორებენ ე. წ. "მესიჯბოქსებს", რომლებიც თავდაპირველად ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა გააჟღერეს.

რუსთავი 2

რუსთავი 2-ის შემთხვევაში 9-საათიან საინფორმაციო გამოშვებას, კურიერს აკვირდებოდნენ. მონიტორინგის მიხევდით, არხის ეთერში ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო, თუმცა ყველაზე ყველაზე უარყოფითად პატრიოტთა ალიანსი შუქდებოდა.

ფოტო: მედიამონიტორინგის ანგარიში

დოკუმენტის მიხედვით, რუსთავი 2-ის საინფორმაციო გამოშვება ძირითადად ნეიტრალურად, ეთიკური ნორმების დაცვით აშუქებდა მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ მოვლენებს და ჟურნალისტები არ იყენებდნენ შეურაცხმყოფელ, დამცინავ ლექსიკას პოლიტიკოსების მიმართ. თუმცა, მონიტორინგში წერია ისიც, რომ რუსთავი 2-ის ეთერში გაცილებით სისტემური ხასიათი ჰქონდა ბალანსის ფორმალურ დაცვას, როცა თითქმის ყველა სუბიექტის კომენტარი, მოსაზრებაა მოცემული საკითხთან დაკავშირებით, თუმცა დომინანტური მნიშვნელობა ირიბად მინიჭებული ჰქონდა მთავრობის ან მმართველი პარტიის მოსაზრებებს.

ამასთან, დაფიქსირდა ბალანსის დარღვევაც, ძირითადად ე.წ. კადრ-სინქრონებში და ხელისუფლების სასარგებლოდ.

დასკვნაში მითითებულია, რომ რუსთავი 2-ის მფლობელის შეცვლა აისახა მისი მონიტორინგის შედეგებზე.

ფორმულა

ფორმულას შემთხვევაში მთავარ საინფორმაციო გამოშვება ფორმულა ნიუსს, ასევე, შაბათის ფორმულასა და დროებას აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ არხის ეთერში ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო და დათმობილი დროის 43% ნეგატიური იყო. თუმცა ყველაზე უარყოფითად ადგილობრივი ხელისუფლება გაშუქდა — მისთვის დათმობილი დროის 51% უარყოფითი იყო.

მონიტორინგის ანგარიშში მითითებულია, რომ ფორმულაზე აშკარად შესამჩნევია ლოიალური დამოკიდებულება ევროპული საქართველოს მიმართ, განსაკუთრებით უარყოფითად კი ბიძინა ივანიშვილი შუქდება.

ფოტო: მედიამონიტორინგის ანგარიში

დოკუმენტის მიხედვითვე, ტელეკომპანია ფორმულას მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში თითქმის ყველა მნიშვნელოვანი მოვლენა შუქდება და უმეტესწილად დაცული იყო ეთიკური სტანდარტებიც, თუმცა ნაკლებად გვხვდება სიღრმისეული ექსკლუზიური მასალები;

TV პირველი

TV პირველის შემთხვევაში აკვირდებოდნენ საინფორმაციო გამოშვებას პირველები და გადაცემას ნოდარ მელაძის შაბათი. როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ამ არხზე ყველაზე ხშირად ქართული ოცნება გაშუქდა. ამასთან, ყველაზე უარყოფითი გაშუქება ადგილობრივ ხელისუფლებას ჰქონდა, ყველაზე დადებითად კი ლელო.

ფოტო: მედიამონიტორინგის ანგარიში

ანგარიშში მითითებულია, რომ TV პირველის მთავარი საინფორმაციო გამოშვებები გამოირჩევა ხელისუფლების მიმართ მკვეთრად კრიტიკული, უარყოფითი დამოკიდებულებით და ზოგჯერ გვხვდება მანიპულაციაც.

"27 ივნისის ნოდარ მელაძის შაბათის წამყვანის მონოლოგი გაჯერებულია მანიპულაციით, ეფექტის გასაძლიერებლად გამოყენებულია დრამატული მუსიკა, რაც თითქმის მთელ გადაცემას გასდევს ფონად. წამყვანი შესავალში ახსენებს შაქარაშვილის საქმეზე დაკავებულ მორაგბეებს და მათ პირდაპირ უკავშირებს ხელისუფლების ქმედებებს, არჩევნებში ჩარევას", — აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ TV პირველის ეთერში დაუსაბუთებელი სიუჟეტებიც გავიდა, სადაც ხელისუფლებისა და მმართველი პარტიის მიმართ ისეთი ბრალდებებია გაჟღერებული, რისი მტკიცებულებები სიუჟეტში არ არის.

"სიუჟეტი, სადაც დაუსაბუთებელი ბრალდებები ისმის ოპოზიციიდან რომ ქართული ოცნება კრიმინალებს მფარველობს, რათა არჩევნებში მათი მხარდაჭერა ჰქონდეს. არ ჩანს მცდელობა, რომ ჟურნალისტი ეცადა აღნიშნული ბრალდების რაიმე სახით გამყარებას ან დაბალანსებას", — აღნიშნულია მედიამონიტორინგის ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ TV პირველის საინფორმაციო გამოშვებებში ხშირად შუქდება თემები თანამდებობის პირთა კორუფციის ან არაჯანსაღი კომერციული ინტერესების შესახებ.

იმედი

ტელეკომპანია იმედის შემთხვევაში დაკვირვების ობიექტს წარმოადგენდა ქრონიკა 8 საათზე და იმედის კვირა. როგორც დოკუმენტში წერია, არხზე ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო და ყველაზე დადებითადაც მთავრობა გაშუქდა, ყველაზე უარყოფითად კი, მიხეილ სააკაშვილი და ნაციონალური მოძრაობაო.

ფოტო: მედიამონიტორინგის ანგარიში

"აღსანიშნავია, რომ უარყოფითი დამოკიდებულება ოპოზიციური პარტიების მიმართ ხშირად გამოიხატება მათი ასეთი ეპითეტებით მოხსენიებაშიც: ე.წ. "გაერთიანებული ოპოზიცია", "სააკაშვილ-ბოკერიას კლასტერი", ე.წ. "ერთობა, რადიკალური ოპოზიცია", "რადიკალები" და სხვა", — წერია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ ტელეკომპანიაზე გვხვდება მანიპულაციური მასალებიც. ანგარიშის მიხედვით, ტელეკომპანიის საინფორმაციო გადაცემის პათოსი თითქმის სრულად ემთხვევა ქართული ოცნების და ხელისუფლების რიტორიკას. ამასთან, დოკუმენტში წერია, რომ იმედზე პრაქტიკულად არ გვხვდება ხელისუფლების მიმართ კრიტიკული და საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან თემებზე მომზადებული ექსკლუზიური და სიღრმისეული სიუჟეტები.

"ერთი შეხედვით ტელეკომპანია ფორმალობისთვის რესპონდენტების თვალსაზრისით ცდილობს ბალანსი დაიცვას, თუმცა სიუჟეტების მთელი ტონი ისეა აწყობილი, რომ ის ძირითადად ოპოზიციის მიმართ კრიტიკული შეფასებებით არის გაჯერებული. ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როდესაც ბალანსი ფორმალურადაც არ არის დაცული", — აღნიშნულია კვლევაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო გამოშვება მთავარის ეთერში, ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო, თუმცა მმართველ პარტიას როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ტონი თანაბრად გადაუნაწილდა.

ფოტო: მედიამონიტორინგის ანგარიშ

დოკუმენტის მიხედვით, აჭარის ტელევიზიის მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში, მეტნაკლებად, დაცული იყო მხარეებისა და მოსაზრებების მრავალფეროვნება, თუმცა, რიგ შემთხვევებში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სარედაქციო პოლიტიკა სამთავრობო გუნდის და მმართველი პარტიის მიმართ მიკერძოებული იყო.

"14 აგვისტოს აჭარის ტელევიზიის ეთერში გავიდა სიუჟეტი ბათუმში ერთ-ერთ სასტუმროში კარანტინში მყოფი მოქალაქის შესახებ, რომელიც მე-4 სართულიდან გადმოხტა. ჟურნალისტმა მხოლოდ დაზარალებულის ოჯახის წევრის კომენტარი გვაჩვენა, რომელიც ითხოვს პროცესში ჯანდაცვის სამინისტროს მონაწილეობას და სავარაუდოდ კარანტინში ადამიანების განთავსების წესების დარღვევაზე მიუთითებდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ ფაქტის გარშემო არაერთი კითხვაა, ჟურნალისტი მხოლოდ ორ წუთიანი სიუჟეტით შემოიფარგლა და მთავარ კითხვებზე — როგორ მოხდა შემთხვევა, რა იცის გამოძიებამ, რატომ იყო ის განთავსებული სხვა პირთან ერთად და ა.შ. პასუხის მიღებას არ ეცადა.

პოს ტვ

შალვა რამიშვილის პოსტ ტვ-ში მონიტორები მთავარ საინფორმაციო გამოშვებას აკვირდებოდნენ. არხზე ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო და დათმობილი დროის 24% დადებითი იყო. დადებითად შუქდებოდა მთავრობაც, ხოლო ყველაზე ნეგატიურად მიხეილ სააკაშვილი.

ანგარიშში პირდაპირ წერია, რომ პოს ტვ პროსახელისუფლოა და მმართველი პარტიის პროპაგანდის იარაღია.

ფოტო: მედიამონიტორინგის ანგარი

"არხი მმართველ პარტიას მუდმივად დადებითად წარმოაჩენს და ასევე მუდმივად ცდილობს ოპოზიციის დისკრედიტაციას, მიუხედავად იმისა, თუ რომელ ოპოზიციურ პარტიას ეხება საქმე. ოპოზიციის დაკნინების მიზნით ჟურნალისტები მიმართავენ დამცინავ ტონს და ტექსტებს, ძირითადად ოპოზიციას "რადიკალებად" მოიხსენიებენ", — წერია ანგარიშში.

დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლების შესახებ მომზადებული სიუჟეტებში არხი არ ერიდება არც გადაუმოწმებელი და ყალბი ამბების გამოქვეყნებას, განსაკუთრებულად უარყოფითად პოს ტვ მიხეილ სააკაშვილს აშუქებს. ანგარიშის მიხედვით, სწორედ მის შესახებ მომზადებულ სიუჟეტებში გამოვლინდა ყველაზე მეტი ეთიკური დარღვევაც.

მაგალითად, ოპოზიციის შესახებ ეთერში ითქვა:

"უუნარო ოპოზიციის უსუსური კრიტიკა — საარჩევნო რინგზე ჯერ მხოლოდ ქართული ოცნება ჩანს. ოპოზიცია ცდილობს, საკუთარი წარუმატებლობა მძაფრი შეფასებებით გადაფაროს. რას მალავენ რადიკალები და როგორია მათი დღის წესრიგი — არჩევნებისთვის ემზადებიან თუ ბუნტისთვის".

ამასთან, პოს ტვ აშუქებს ქართული ოცნების თითქმის ყველა წინასაარჩევნო აქტივობას.

ობიექტივი

ღიად პრორუსული პარტიის ლიდერის, ირმა ინაშვილი ტელევიზია ყველაზე ნეგატიურად ნაციონალურ მოძრაობას აშუქებდა და სხვა არხებისგან განსხვავებით, იყო პოზიტიური ტონი პატრიოტთა ალიანსის მიმართ. ამ არხზე მონიტორები მთავარ საინფორმაციო გამოშვებას აკვირდებოდნენ.

ფოტო: მედიამონიტორინგის ანგარიში

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ობიექტივის საინფორმაციო გამოშვება ცალსახად მიკერძოებულია და პატრიოტთა ალიანსის დღის წესრიგის მიხედვითაა აწყობილი, მეტიც, ამ პარტიას ეთერში "ქვეყნის მთავარ ოპოზიციური ძალას" ან "მთავარ ოპოზიცურ პარტიას" უწოდებენ.

"ობიექტივის საინფორმაციო გამოშვებაში თითქმის არ შუქდება სხვა პოლიტიკური პარტიების აქტივობა გარდა მმართველი პარტიისა. ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს არხზე უმეტესად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებენ, ტერმინით "სააკაშვილ-ბოკერიები" ან როგორც დესტრუქციული ძალა და მათ შესახებ მომზადებულ სიუჟეტებში მუდმივად გვხვდება ეთიკური დარღვევები", — აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, ობიექტივზე ტრადიციულად, წელსაც არაერთხელ დაფიქსირდა ქსენოფობიური განცხადებების ტირაჟირება.

მაესტრო

ტელეკომპანია მაესტროზეც მთავარ საინფორმაციო გამოშვებას აკვირდებოდნენ, სადაც, ასევე, ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო. ყველაზე დადებითადაც მთავრობა წარმოჩინდა, უარყოფითად კი, მიხეილ სააკაშვილი.

ფოტო: მედიამონიტორინგის ანგარიში

ანგარიშში აღნიშნულია, რომ არხზე არ გვხვდება სხვადასხვა აქტუალური საკითხების კრიტიკულად გაშუქების მცდელობები, მეტიც, დოკუმენტის მიხედვით, რჩება შთაბეჭდილება, რომ საინფორმაციო გადაცემებში ხელისუფლების დადებით ნაბიჯებზე ხდება მიზანმიმართულად ხაზგასმა.

"სამონიტორინგო პერიოდში გამოიკვეთა ქართული ოცნების წევრების, უფრო ხშირად გიორგი გახარიასა და ბიძინა ივანიშვილის შესახებ ნეგატიური ინფორმაციის გაშუქებაზე თავის არიდების ტენდენცია, რაც გაშუქებული თემის გარშემო არასრული ინფორმაციის მოწოდებით ან თემის იგნორირებაში გამოიხატებოდა. ასეთი "სენსიტიურ" თემებად გამოჩნდა 20 -21 ივნისის დემონსტრაციის დაშლის და ამერიკელი კონგრესმენების მიერ ქართული ოცნებისა და ბიძინა ივანიშვილის კრიტიკა", — აღნიშნულია დოკუმენტში.

ამასთან, მაესტროზე დაფიქსირდა გენდერული სტერეოტიპების გაღრმავების ხელშეწყობის ფაქტი, რომელიც დაფიქსირდა ჟვანია-თოფაძეს შორის მომხდარი დაპირისპირების დროს.

"გამოიკვეთა, რომ საანგარიშო პერიოდში გასულ სიუჟეტებში, რომელიც ეხებოდა გოგი თოფაძის შვილიშვილის დაჭრას, მომხდარი დანაშაული ქალისთვის დაბრალებას ჰქონდა ადგილი, რაც გენდერული სტერეოტიპების გაღრმავებას და დისკრიმინაციის წახალისებას წარმოადგენს", — აღნიშნულია ანგარიშში.

კავკასია

კავკასიის შემთხვევაშიც მთავარ საინფორმაციო გამოშვებას აკვირდებოდნენ და გამოიკვეთა, რომ ყველაზე ხშირად შუქდებოდა ქართული ოცნება, თუმცა მისთვის დათმობილი დროის 30% ნეგატიური იყო. არხის ეთერში ყველაზე დადებითად კი ლელო წარმოჩინდა, რომლისთვის დათმობილი დროის 21% პოზიტიური ტონი.

ფოტო: მედიამონიტორინგის ანგარიში

"მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ამბებს ძირითადად ეთიკურად აშუქებს. კავკასიას თითქმის არ აქვს საკუთარი თემები, არ აქვს ექსკლუზიური, სიღრმისეული მასალები, სადაც ამა თუ იმ პრობლემის სრულად წარმოჩენა მოხდება", — აღნიშნულია დოკუმენტში.

ანგარიშის მიხედვითვე, საინფორმაციო გამოშვებებში დიდი ნაწილი უჭირავს კრიმინალურ ამბების გაშუქებას და მასალებს, რომლებსაც სხვადასხვა უწყება ავრცელებს. ასევე, ხშირია ე.წ კადრ-სინქრონები, სადაც ზოგჯერ იკვეთება ეთიკური დარღვევები. დოკუმენტში ასევე მითითებულია, რომ კავკასიის ეთერში ზოგჯერ დაუსაბუთებელი სიუჟეტებიც გავიდა;

პალიტრა ტვ

სამონიტორინგო პერიოდში პალიტრა ტვ-მ ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო და დათმობლი დროის 13% ნეგატიური იყო, ყველზე პოზოტიურად კი არხი ადგილობრივი მთავრობას წარმოჩინდა, 7% დადებითი ტონით. პალიტრას შემთხვევაშიც, მთავარ საინფორმაციო გამოშვებას დააკვირდნენ.

ფოტო: მედიამონიტორინგის ანგარიში

ანგარიშის მიხედვით, მიმდინარე პოლიტიკური ამბების გაშუქებისას პალიტრა ტვ-ის ეთერში ზოგჯერ დაფიქსირდა ეთიკური დარღვევები. ამასთან, დოკუმენტში ვკითხულობთ:

"პალიტრა ტვ ის ეთერში ხშირად გადის სხვადასხვა სახელმწიფო უწყებისა და პოლიტიკოსების საქმიანობის შესახებ მომზადებული მასალები, რომელიც ამ უწყებების პიარ სამსახურების მიერაა შექმნილი და მათ რეკლამას ეწევა. თუმცა მაყურებლისთვის მკაფიოდ არ არის გამიჯნული სარედაქციო და სარეკლამო სიუჟეტები".

ანგარიშში ასევე წერია, რომ ირაკლი კობახიძის მიერ მაჟორიტარი კანდიდატების წარდგენის დროს გამოყენებული ფრაზა ნინო ლაცაბიძეზე "ის ყველაფერს წარმატებით უთავსებს ოთხი შვილის დედობას" პალიტრა ტვ-ზე ისე გავიდა ეთერში, რომ არ განუმარტავთ, რომ ეს სექსიზმია, დისკრიმინაციულია ქალი პოლიტიკოსის მიმართ და მიუღებელია.

ონლაინ მედია

მედიამონიტორინგის ანგარიშის მიხედვით, გამოწვევად რჩება კრიტიკული და სიღრმისეული ანალიზის ნაკლებობა. დოკუმენტში წერია ისიც, რომ შეინიშნება მცირე გაუმჯობესება პოლიტიკური სპექტრის პლურალისტული გაშუქების კუთხით — მართალია, ვებგვერდებზე ჭარბობდა მმართველი პარტიის გაშუქება, თუმცა ყურადღება ეთმობოდა ასევე სხვადასხვა პარტიის წარმომადგენელთა საქმიანობისა და განცხადებების გაშუქებასაც.

"თითქმის არ გვხვდებოდა ჟურნალისტთა ტექსტებში სიძულვილის ენისა და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენების შემთხვევები. თუმცა, პრობლემურია ის, რომ ონლაინ მედიასაშუალებების ნაწილი უცვლელად და უკომენტაროდ აშუქებს პოლიტიკოსთა თუ საზოგადოებისთვის ცნობილ სხვა პირთა განცხადებებს, რომლებიც შეიცავს ასეთი სახის ტერმინოლოგიასა და შინაარსს", — აღნიშნულია ანგარიშში.

ამასთან, დოკუმენტში მითითებულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში COVID 19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური კრიზისის აღმოფხვრის სამთავრობო გეგმის გაშუქება აისახა იმაში, რომ მონიტორინგისთვის შერჩეულ ყველა ვებგვერდზე ჭარბობდა დადებითი ტონის პროცენტული მაჩვენებლები პრემიერმინისტრის გაშუქებისას — ისეთ ვებგვერდებზეც კი, რომლებიც გამოირჩეოდნენ განსაკუთრებულად კრიტიკული დამოკიდებულებით სახელისუფლებო გუნდის მიმართ.

"ეს გარემოება განაპირობა იმან, რომ სამთავრობო ფინანსური დახმარებების შესახებ საზოგადოებას ინფორმაცია ეწოდებოდა პრემიერ-მინისტრის მხრიდან, რაც შესაბამისად აისახა მედიაში მის დადებით გაშუქებაზე", — აღნიშნულია ანგარიშში.

ბეჭდური მედია

ტელევიზიების მსგავსად, ბეჭდურ მედიაშიც ყველაზე მეტად გაშუქდნენ: მთავრობა, ართული ოცნება — დემოკრატიული საქართველო, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. ამასთან, გაშუქებისას უარყოფითი ტონი ბევრად ჭარბობდა ნეიტრალურს და დადებითი ტონი თითქმის არ დაფიქსირებულა. ანგარიშის მიხედვით, გამონაკლისია გაზეთები: რეზონანსი, ახალი თაობა და გურია ნიუსი, სადაც სუბიექტები, ძირითადად, ნეიტრალურად გაშუქდნენ.

ტრადიციულად, შეურაცხმყოფელი და დისკრიმინაციული ტერმინოლოგიის გამოყენებით გამოირჩეოდნენ გაზეთები: ასავალ-დასავალი და ქრონიკა+, ალიაში კი, წინა წლებთნ შედარებით, სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები შემცირებული იყო.

გაზეთი საქართველო და მსოფლიო კი გამოირჩეოდა მკვეთრად პრორუსული დ ანტისდასავლური განწყობით.

"პრობლემად რჩება გადაუმოწმებელი ინფორმაციის გავრცელება: ჟურნალისტები არ ერიდებოდნენ მტკიცებულებების გარეშე ამა თუ იმ პოლიტიკოსის მისამართით მძიმე
ბრალდების წაყენებას", — წერია ანგარიშში.

გაზეთების უმრავლესობა მკითხველს ერთ წყაროზე დაყრდნობით მომზადებულ მასალებს სთავაზობდა, რაც ამა თუ იმ კონკრეტულ საკითხზე, განსხვავებული მოსაზრებების გაცნობის საშუალებას არ იძლეოდა. ანგარიშში მითითებულია, რომ მათ მთავარ გამოწვევად ინფორმაციის საეჭვო წყაროებზე დაყრდნობით მომზადებული სტატიები რჩება, როგორიცაა: "კულუარული ინფორმაციით", "გავრცელებული ინფორმაციით", "წყაროს ცნობით", "ამბობენ, რომ..." და ა.შ.

გარდა ამისა, გენდერული სტერეოტიპების გამყარებას ხელს უწყობდნენ როგორც რესპონდენტები, ასევე ჟურნალისტები.

რადიო

რადიოებში ყველაზე მეტი დრო მთავრობასა და ადგილობრივ ხელისუფლებას დაეთმო, პარტიებიდან კი ქართულ ოცნებას, ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა და ევროპულ საქართველოს. ანგარიშში აღნიშნულია, რომ წინა წლებთან შედარებით, მკვეთრად მოიმატა ირიბი გაშუქების წილმა.

გამოვლინდა, რომ ახალი ამბების უმეტეს ნაწილს პოლიტიკოსთა საჯარო განცხადებების ციტირება შეადგენდა და თემების აქტუალურობას კვლავაც პოლიტიკოსთა განცხადებები განსაზღვრავდნენ და არა ჟურნალისტების მიერ მოპოვებული ინფორმაცია.

"რადიომაუწყებლები გენდერული სტერეოტიპების გავრცელებას ხელს არ უწყობდნენ, ეთერში არ ისმოდა სექსისტური, ჰომოფობიური, რომელიმე გენდერული ნიშნის მიმართ სიძულვილის ან საფრთხის შემცველი განცხადებები", — აღნიშნულია დოკუმენტში.

სოციალური მედია

მედიამონიტორინგის პროცესში აკვირდებოდნენ სხვადასხვა მედიის ოფიციალურ Facebook გვერდებსაც. სატელევიზიო არხების Facebook გვერდებზე გამოქვეყნებული მასალების ანალიზის მიხედვით, შეინიშნება კიდევ უფრო მეტი პოლარიზაცია, ვიდრე მათი საეთერო მაუწყებლობისას.

ანგარიშში აღნიშნულია, რომ ღია ჯგუფებში შეინიშნება პრობლემური ვებგვერდების სიმრავლე, თუმცა მათ მიერ მომზადებული მასალების გავრცელების არეალი მცირეა.

"Facebook-ზე უმეტესად ვრცელდება საზოგადოებისთვის კარგად ცნობილ, რეიტინგულ მედიასაშუალებათა მიერ მომზადებული მედიაპროდუქტები და განსაკუთრებულად პრობლემურ მასალებს ნაკლები გავრცელების არეალი აქვს", — აღნიშნულია დოკუმენტში.

როგორ ჩატარდა მედიამონიტორინგი

ანგარიშში 15 ივნისიდან 31 აგვისტომდე შედეგებია წარმოდგენილი. სატელევიზიო მთავარ საინფორმაციო გამოშვებების წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი მოიცავს რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს.

რაოდენობრივში შედის სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, პირდაპირი და ირიბი საუბარი და გაშუქების ტონი. თვისებრივი მონიტორინგის კომპონენტები კი არის: ბალანსი, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება, კადრებით და მუსიკით მანიპულირება. გაშუქების ტონი ენიჭება სუბიექტს მაშინ, როცა მასზე საუბრობენ ირიბად და ასევე მაშინ, როდესაც ის თვითონ საუბრობს საკუთარ თავზე, სხვა სუბიექტებზე ან ზოგად საკითხებზე. დიაგრამებზე ნაჩვენებია ტონის სამი კატეგორია: დადებითი (მწვანე), ნეიტრალური (ყვითელი) და უარყოფითი (წითელი).

როდესაც ითვლება სუბიექტისთვის დათმობილი დრო, იქვე ხდება დათმობილი დროის ტონის შეფასება. ყურადღება ექცევა როგორც ჟურნალისტის ან რესპონდენტის ტექსტს, ასევე სიუჟეტის მთლიან კონტექსტს. თვისებრივად მონიტორინგის დროს ყურადღება ექცევა ბალანსს ანუ რამდენად არის სიუჟეტებში წარმოდგენილი გაშუქებული საკითხის გარშემო რამდენიმე განსხვავებული მოსაზრება. ასევე სიზუსტეს, რომლის შესაფასებლადაც მონიტორი აკვირდება, თუ რამდენად შესაბამისია ერთმანეთთან ჟურნალისტის დასკვნა და სიუჟეტში გამოყენებული მასალები (კადრები, რესპონდენტების კომენტარები).

ანგარიში მომზადებული და გამოცემულია საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის მიერ ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით. დოკუმენტში მითითებულია, რომ შინაარსზე პასუხისმგებელია მხოლოდ საქართველოს ჟუნრალისტური ეთიკის ქარტია და მისი შინაარსის აღქმა ევროკავშირისა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) პოზიციად დაუშვებელია.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. "სამწუხაროდ, ეს არ ეხება საქართველოსა და მოლდოვას" — პესკოვი რუსეთის "განვითარებულ ორმხრივ ურთიერთობებზე"
  2. საქართველოში, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს, დიდი ოდენობით თანხას არიცხვინებდნენ — რა საქმე გახსნა პროკურატურამ
  3. რა აჩუქა მამამ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს და რა მოხდებოდა კეთილსინდისიერების შემოწმების შემთხვევაში
  4. "ქალბატონო სალომე, ნუ დაგვიმახინჯებთ ისტორიას, უპირობოდ უნდა გაათავისუფლოთ სააკაშვილი" — სოფო ჯაფარიძე
  5. ვინ დგას ტერაქტის უკან მოსკოვში — დეტალები

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ახალგაზრდებმა ზეწოლა არ უნდა იგრძნონ, თუ ადრეულ ასაკში სექსი არ აქვთ — რებელ უილსონი

ცნობილი ავსტრალიელი მსახიობი და კომიკოსი რებელ უილსონი მალე მემუარებს, სახელად Rebel Rising-ს,…