ოკუპირებულ აფხაზეთში 1 ნოემბერს დაგეგმილი ე.წ. თვითმმართველობის არჩევნები გადადეს. დე ფაქტო პარლამენტმა ეს გადაწყვეტილება დღეს, 24 სექტემბერს გამართულ სესიაზე მიიღო. ისინი ე.წ. არჩევნების გადადებას კორონავირუსის პანდემიის გამო შექმნილ რთულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას უკავშირებენ. აფსნიპრესი ე.წ. პარლამენტზე დაყრდნობით წერს, რომ დე ფაქტო ადგილობრივი თვითმმართველობებს უფლებამოსილება 2021 წლის 11 აპრილამდე გაუგრძელეს.

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნები 1 ნოემბერს იყო დანიშნული.

აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 23 სექტემბერს კორონავირუსი კიდევ 62 ადამიანს დაუფიქსირდა. თუმცა, უცნობია, რამდენად ზუსტია ეს მონაცემები, რადგან საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებას რეგიონიდან ზუსტი ინფორმაცია არ აქვს.

დე ფაქტო უწყების განცხადებით, ამ დროისათვის გუდაუთის საავადმყოფოში Covid-19-ის დიაგნოზით 89 ადამიანი მკურნალობს. 5 მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, 33 პაციენტი საშუალო სირთულისაა, 19 — გამოჯანმრთელდა, 8 ინფიცირებული გარდაიცვალა.