ევროპული საქართველოს მაჟორიტარი დებუტატობის კანდიდატი გორისა და კასპის ოლქში, ლევან თარხნიშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნება საარჩევნო კამპანიისას აქტიურად იყენებს ისეთ მეთოდებს, როგორებიცაა დაშინება, მოსყიდვა და ძალადობა.

ლევან თარხნიშვილის თქმით, ამომრჩევლის ნების წინააღმდეგ ვერავინ წავა და მოუწოდებს საარჩევნო ადმინისტრაციას, ბიუროკრატებსა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, ნუ ჩაყვებიან ბიძინა ივანიშვილს პოლიტიკურ სამარეში.

"საარჩევნო კამპანიის დასაწყისიდან ჩანს, რომ ქართული ოცნება უარს არ ამბობს მისთვის ნაცნობ მეთოდებზე და ისევ იყენებს ძალადობას, დაშინებას, ამომრჩევლის მოსყიდვას, პირადი ინფორმაციისა და პირადი ჩანაწერების გამოყენებას ზეწოლისათვის, მაგრამ, აქ აღსანიშნავია რამდენიმე ფაქტი: პირველი ის, რომ ქართული ოცნება არის განწირული დამარცხებისათვის, რადგან ხალხის დაკვეთა არის გარდამტეხი ცვლილებები და შესაბამისად, მინდა მოვუწოდო ყველა ბიუროკრატს, ყველა მუნიციპალიტეტის თანამშრომელს, ყველა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელს — ნუ ჩაყვებიან პოლიტიკურ სამარეში ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას. ყველა, ვინც აღუდგება წინ ხალხის დაკვეთას, არის განწირული დამარცხებისათვის. მეორე — ამომრჩეველთა აქტიურობა. პარტიების ერთიანობა და საერთაშორისო ზეწოლა არის წამალი, რომელიც წინ აღუდგება ბიძინა ივანიშვილს და ქართულ ოცნებას და უზრუნველყოფს იმას, რომ 31 ოქტომბერს დამთავრდება ბიძინა ივანიშვილის რეჟიმი და დაიწყება გარდამტეხი ცვლილებები", — განაცხადა ლევან თარხნიშვილმა.