საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორობის კანდიდატი ირმა სოხაძე აცხადებს, რომ ტელევიზიას გადასახალისებლად "ფეისები" სჭირდება, რომლებიც მიიზიდავენ საზოგადოების ყურადღებას.

"ავტორიტეტები მგონია, რომ მეტი სჭირდება არხს. ფეისები, როგორც ზაზა ამბობდა შენგელია. აი, ეს ფეისები, იცით რატომ მგონია, რომ მნიშვნელოვანია? იმიტომ, რომ ყურადღება მოიზიდოს მაყურებლის. რაღაცა ისეთ გვჭირდება, რითიც ჩვენ უნდა დავარწმუნოთ მაყურებელი",— აღნიშნა სოხაძემ გასაუბრებისას.

ამავდროულად, ის ფიქრობს, რომ "ფეისები" ახალგაზრდები არ უნდა იყვნენ, რადგან მათ არ ენდობა და არ ჰგონია, რომ მისთვის საინტერსო საკითხებზე ლაპარაკობენ.

"თითქოს, ეიჯიზმის ნიშნით, 40 წელს ზემოთ არ ზის არც წამყვანი, არც გადაცემის ავტორი. ახლა ცოტა შეიცვალა, ძალიან კარგი გადაცემაა ტელესკოლა მეორე არხზე. არ შეიძლება, რატომ იცით? იმას რომ თავი დავანებოთ, სხვა მსგავს ტელევიზიებს, საზოგადოებრივ მაუწყებლებს, ჩვენი მაყურებელი ძირითადი მაინც არის ცოტა უფროსი თაობა. მე არ მგონია, ჩვენ თინეიჯერები გვიყურებდნენ, რატომღაც. იმიტომ, რომ ისინი სხვა რაღაცეებით არიან დაკავებული ძირითადად. ამიტომ ამაზეც უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი წამყვანების ავტორიტეტით მათი რაღაცა თუნდაც ასაკობრივი, ჩემიანს რომ ვხედავ, მე უფრო მჯერა მისი, ვიდრე პირტიტველა, ლამაზ, საყვარელ, მაგრამ ბავშვს, რომლისაც რატომღაც არ მჯერა. არ მგონია, რომ ის იმას აკეთებს და ლაპარაკობს, რაც ჩემთვის საინტერესო და მისაღებია", — განაცხადა მან.

საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის ხელფასი 4 ათასი ლარიდან 10 ათას ლარამდე გაიზრდება. გადაწყვეტილება თანამდებობრივი სარგოს გაზრდაზე სამეურვეო საბჭომ ერთხმად დაამტკიცა.

ამჟამად საზოგადოებრივ მაუწყებელში გენერალური დირექტორის პოზიციაზე შესარჩევი კონკურსი მიმდინარეობს. კონკურსის მეორე ტურში გადავიდნენ თინათინ ბერძენიშვილი, ირმა სოხაძე, ხათუნა ლაგაზიძე და ალექსანდრე ვახტანგოვი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის თანამდებობა ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც ვასილ მაღლაფერიძემ თანამდებობა დატოვა. მაღლაფერიძის მტკიცებით, გადადგომის მიზეზი ის არის, რომ არ სურს წინასაარჩევნო პერიოდში გაჩნდეს კითხვები არხის მიკერძოებულობასთან დაკავშირებით.

გენერალურ დირექტორს თანამდებობაზე ნიშნავს სამეურვეო საბჭო ღია კონკურსის წესით, 6 წლის ვადით.