ლელოს ლიდერი, მამუკა ხაზარაძე ქართული ოცნების თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დებატებში იწვევს. როგორც იგი ამბობს დებატების მიზანი უნდა იყოს არა იმის ჩვენება, ვინ ვის აჯობებს, არამედ ის, რომ მოსახლეობამ "გადარჩენის გზა" დაინახოს.

"ჩვენ ვიცით, როგორ ვმართოთ კრიზისი. ჩვენ ვიცით, როგორ დავასრულოთ ლარის ვარდნა და როგორ დავასტაბილუროთ ეკონომიკა. ჩვენ ვიცით, როგორ შევუნარჩუნოთ ქართულ ბიზნესს და მასში მომუშავე ათასობით ადამიანებს სამუშაო ადგილები. ამიტომ მოგმართავთ ქართული ოცნების თავმჯდომარევ, ბიძინა ივანიშვილო — ნებისმიერ საჯარო ადგილას, ნებისმიერ ტელევიზიაში, გამოდით. თუ თქვენ ამბობთ, რომ ევროპისკენ მივისწრაფვით და დემოკრატიას ვაშენებთ, გამობრძანდით და დავიწყოთ დებატები", — განაცხადა ბრიფინგზე მამუკა ხაზარაძემ.

მისივე თქმით, ჯერ კიდევ კორონავირუსის პანდემიის დაწყებისას ლელომ ხელისუფლებას კრიზისიდან გამოსვლის გეგმა შესთავაზა, რომელიც მათ არ გაითვალისწინეს. ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ ვითარებაზე ხაზარაძე პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს.