"რუს ხალხთან ერთად ჩვენ გავუძელით და თავიდან მოვიშორეთ და დავამარცხეთ ჯერ ფაშიზმი და შემდეგ კომუნიზმი, ორივე მოსული ჩვენთან დასავლეთიდან. მანამდე ქრისტიანული რუსეთი დაეხმარა ქრისტიანულ საქართველოს განადგურებისგან გადარჩენაში. თუმცა, მან ეს მოახდინა ჩვენთვის მიუღებელი ფასის ხარჯზე, საქართველოს სამეფოსა და ავტოკეფალიის გაუქმების შედეგად", - განაცხადა დემოგრაფიული განვითარების ფონდის მმართველმა ლევან ვასაძემ, რომელიც ოჯახის მსოფლიო კონგრესს მასპინძლობს თბილისში.

სიტყვით გამოსვლისას მან წინა ხელისუფლების პერიოდს და ვარდების რევოლუციას დასავლური ტერორი უწოდა:

"ჩვენი მოქალაქეების თავისუფლების ნაცვლად, ჩვენ მივიღეთ დასავლეთისაგან დასპონსორებული 2003 წლის ვარდების რევოლუციის პოლიტიკური რეჟიმი, რომელმაც საკუთარი მმართველობის 9 წლის განმავლობაში ციხეში ჩასვა 330 000 ადამიანზე მეტი, ჩვენი ზომის ქვეყნისათვის ეს ნიშნავს რომ მთელი ქვეყნის მოსახლეობის 7.5%-ზე მეტი მოხვდა ციხეში".

არასამთავრობო ორგანიზაციებში 30 ვერცხლის სანაცვლოდ იზრდება ანტიტრადიციული სული

ლევან ვასაძე

ლევან ვასაძის თქმით, დასავლეთისგან დასპონსორებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ხორციელდება ეკლესიაზე შეტევები:

"არასამთავრობო ორგანიზაციებში, სადაც პროპაგანდისა და დასაქმების მეშვეობით იშხამება ჩვენი ახალგაზრდა თაობის ნაწილი, რომლებსაც არ გააჩნიათ განათლებისა და დასაქმების ალტერნატიული წყაროები,30 ვერცხლის სანაცვლოდ იზრდება ანტიტრადიციული სული".

ვასაძემ ქართულ მედიას "ლიბერალების ტოტალიტარული დიქტატურა" უწოდა და განაცხადა, რომ გამუდმებით ხდება ტრადიციული ქართული საზოგადოების ხმის იგნორირება.

ლევან ვასაძემ დარბაზში შეკრებილ აუდიტორიას 26 მაისისა და 7 ნოემბრის დარბეული აქციების ფოტოები აჩვენა და განაცხადა, რომ ეს იყო დასავლეთისგან დასპონსორებული ლიბერალების ნამოქმედარი:

"მეორე დღეს, 26 მაისს ყველა დასავლელი ელჩი ედგა სააკაშვილს გვერდზე და არცერთ მათგანს არ უთქვამს პროტესტის არცერთი სიტყვა".

ვასაძემ თავის ჰომოფობიურ და ანტიდასავლურ გამოსვლაში, თბილისში, 2013 წლის 17 მაისს LGBT პირთა აქციის დარბევის გამო შეშფოთებული დასავლელი ელჩები გააკრიტიკა:

"ორი წლის შემდეგ დასავლეთმა მხარი დაუჭირა ანტიდასავლური ტრადიციების პროპაგანდის კიდევ ერთ მცდელობას, როდესაც ჩვენი საზოგადოება დაუპირისპირდა ამ მცდელობას და გაყარა უსირცხვილო პროპაგანდისტები, მადლობა ღმერთს მათი მხრიდან მსხვერპლის გარეშე".

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს პატრიარქი მსოფლიო საოჯახო კონგრესს ესწრება. 16 მაისი, 2016 წელი

ფოტო: მაესტრო

ლევან ვასაძის სიტყვით გამოსვლისას ფილარმონიის საკონცერტო დარბაზი თითქმის შევსებული იყო. დამსწრეთა შორის იყვნენ საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს პატრიარქი ილია მეორე, სამღვდელოება, ასევე, ნინო ბურჯანაძე და ნონა გაფრინდაშვილი. კონგრესს პირდაპირ ეთერში გადასცემდა ტელეკომპანია მაესტრო.

ოთხდღიან კონგრესი, სახელწოდებით, „ცივილიზაცია გზაგასაყარზე: ბუნებრივი ოჯახი, როგორც თავისუფლებისა და ჰუმანური ღირებულებების საყრდენი", 15 მაისს დაიწყო და 18 მაისს დასრულდება.