პირველი არხის ეთერში ყველაზე დადებითად პრემიერმინისტრი გიორგი გახარია გაშუქდა, ყველაზე უარყოფითად კი — მიხეილ სააკაშვილი. ამის შესახებ აღნიშნულია საპარლამენტო არჩევნების მედიამონიტორინგის ანგარიშში, რომელიც მიმდინარე წლის ივნისსა და ივლისს მოიცავს.

დოკუმენტის მიხედვით, პირველ არხზე გიორგი გახარიასთვის დათმობილი დროის 12% დადებითი იყო, მიხეილ საკაშვილისთვის დათმობილი დროის 37% კი უარყოფითი.

ამასთან, ანგარიშში აღნიშნულია, რომ პირველი არხის საინფორმაციო პოლიტიკა ხელისუფლებისადმი ლოიალური იყო — მთავრობისადმი დათმობილი დროის 9% პოზიტიური იყო. აქვე მითითებულია, რომ საინფორმაციო გამოშვებაში საარჩევნო სუბიექტების, პოლიტიკური პარტიების აქტივობა ძირითადად შუქდებოდა ნეიტრალურად.

"პირველ არხს, სამონიტორინგო პერიოდში თითქმის არ ჰქონია მწვავე ექსკლუზიური მასალა. არ გამოვლენილა კორუფციული და ადამიანის უფლებების შემლახავი ფაქტები. ზოგ შემთხვევებში ბალანსი ფორმალურად იყო დაცული. მონიტორინგის პერიოდში იყო შემთხვევები, როდესაც მოამბე ავლენდა ქართული ოცნებისადმი მიკერძოებას და არღვევდა ეთიკურ პრინციპებს", — აღნიშნულია დოკუმენტში.

დოკუმენტში მითითებულია, რომ მონიტორები აკვირდებოდნენ პირველი არხის მთავარ საინფორმაციო გამოშვებას მოამბე 21 საათზე და გადაცემას ახალი კვირა. ანგარიშის მიხედვით, მთელი პერიოდის განმავლობაში მოამბეში ყველაზე მეტი დრო ქართულ ოცნებას დაეთმო.

ფოტო: მედიამონიტორინგის ანგარიში

აღსანიშნავია ისიც, რომ დოკუმენტის მიხედვით, საზოგადოებრივ მაუწყებელის გაშუქებაში ხელისუფლების მიმართ დადებითი ტონი ჭარბობს Facebook-ზე გაზიარებულ მასალებში.

ანგარიშში 15 ივნისიდან 31 აგვისტომდე შედეგებია წარმოდგენილი. სატელევიზიო მთავარ საინფორმაციო გამოშვებების წინასაარჩევნო მედია მონიტორინგი მოიცავს რაოდენობრივ და თვისებრივ კომპონენტებს. რაოდენობრივში შედის სუბიექტებისთვის დათმობილი დრო, პირდაპირი და ირიბი საუბარი და გაშუქების ტონი.

თვისებრივი მონიტორინგის კომპონენტებია: ბალანსი, სიზუსტე, ფაქტებზე დაფუძნებული გაშუქება, კადრებით და მუსიკით მანიპულირება. გაშუქების ტონი ენიჭება სუბიექტს მაშინ, როცა მასზე საუბრობენ ირიბად და ასევე მაშინ, როდესაც ის თვითონ საუბრობს საკუთარ თავზე, სხვა სუბიექტებზე ან ზოგად საკითხებზე. დიაგრამებზე ნაჩვენებია ტონის სამი კატეგორია: დადებითი (მწვანე), ნეიტრალური (ყვითელი) და უარყოფითი (წითელი).

როდესაც ითვლება სუბიექტისთვის დათმობილი დრო, იქვე ხდება დათმობილი დროის ტონის შეფასება. ყურადღება ექცევა როგორც ჟურნალისტის ან რესპონდენტის ტექსტს, ასევე სიუჟეტის მთლიან კონტექსტს. თვისებრივად მონიტორინგის დროს ყურადღება ექცევა ბალანსს ანუ რამდენად არის სიუჟეტებში წარმოდგენილი გაშუქებული საკითხის გარშემო რამდენიმე განსხვავებული მოსაზრება. ასევე სიზუსტეს, რომლის შესაფასებლადაც მონიტორი აკვირდება, თუ რამდენად შესაბამისია ერთმანეთთან ჟურნალისტის დასკვნა და სიუჟეტში გამოყენებული მასალები (კადრები, რესპონდენტების კომენტარები).