მართალია, საშინელებათა ჟანრის არაერთი ფილმის პრემიერა, რომელთაც წელს მაყურებელი განსაკუთრებულად ელოდა, გაურკვეველი ვადით გადაიდო, მაგრამ სანაცვლოდ ჟანრის მოყვარულებს ნეტფლიქსი სულ ხელცარიელი არ დატოვებს და მალე სერიალის The Haunting of Bly Manor ხილვის შესაძლებლობა გვექნება.

ეს სეზონი ანთოლოგიური გაგრძელებაა გასულ წელს გამოსული სერიალისა ჰილჰაუსის მოჩვენება, რომელიც ნამდვილი სენსაცია გახდა და თავისი დაძაბული, საშიში, დრამატული და ტრაგიკული ატმოსფეროთი მალევე მრავალი მაყურებელი მიიზიდა.

რამდენიმე საათის წინ ნეტფლიქსის მიერ გამოქვეყნებული მეორე სეზონის ახალი ტრეილერით თუ ვიმსჯელებთ, წინ კიდევ არანაკლებად შემაძრწუნებელი სანახაობა გველოდება:

ჰილჰაუსის მოჩვენების პირველი სეზონი შირლი ჯექსონის 1959 წელს გამოქვეყნებული ამავე სახელწოდების მქონე წიგნის მიხედვით გადაიღეს, მეორე სეზონის სცენარი კი — The Haunting of Bly Manor — ჰენრი ჯეიმზის კლასიკურ მოთხრობას, Turn of the Screw-ის (მარწუხებში) ეფუძნება, რომელიც სულ ახლახანს ქართულ ენაზეც ითარგმნა (სულაკაურის გამომცემლობა).

ჰენრი ჯეიმზის ეს ნაწარმოები ორი ობოლი ბავშვის შესახებ მოგვითხრობს, რომელთა ბიძაც დაიქირავებს ძიძას, რათა მოზარდებს მოუაროს და მათთან ერთად ქალაქგარეთ მდებარე სასახლეში იცხოვროს. სწორედ იქ გადასვლიდან იწყებს უჩვეულო მოვლენები განვითარებას პერსონაჟების ცხოვრებაში.

აღსანიშნავია, რომ ამ სეზონის შექმნაზე კვლავ მაიკ ფლენეგანმა იმუშავა, რომელიც ასევე წინა სეზონის რეჟისორია. ამავდროულად ახალი ისტორიის მთავარ გმირებს კვლავ ჩვენთვის კარგად ნაცნობი მსახიობები განასახიერებენ: ვიქტორია პედრეტი, ჰენრი თომასი და ოლივერ ჯექსონი ანთოლოგიური სერიალებისთვის დამახასიათებელი სტილით ამჯერად ახალი გმირების ამპლუაში მოგვევლინებიან.

როგორც შოუს შემოქმედები გვპირდებიან, ახალი სეზონი კიდევ უფრო საშიში და საინტერესო იქნება, შესაბამისად, ისღა დაგვრჩენია, დაველოდოთ 9 ოქტომბერს — პრემიერის თარიღს და ახალი მოჩვენებები გავიცნოთ.