მინსკში საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პოლიციამ წყლის ჭავლი და ხელკეტები გამოიყენა. გარდა ამისა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ პოლიცია ელექტროშოკებსაც იყენებდა.

მოქალაქეები ამჯერად ალექსანდრ ლუკაშენკოს საიდუმლო ინაუგურაციას აპროტესტებდნენ. როგორც გამოცემა TUT.BY წერდა, აქციის მონაწილეებს ხელკეტების გამოყენებით აკავებდნენ, ასევე, ისმოდა გასროლის ხმებიც.

ამასთან, თვითმხილველები ყვებოდნენ, რომ აქციის დასაშლელად ხელკეტებით მისული იყვნენ სამოქალაქო ტანსაცმელში, სპროტულებში გამოწყობილი პირები.

დღევანდელი აქციის დროს ქვეყნის მასშტაბით 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს, უმეტესობა მინსკში. აქციის დაშლის დროს რამდენი დაშავდა უცნობია.

ფოტო: TUT.BY

ბელარუსში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ქვეყანა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. მოქალაქეები ალექსანდრ ლუკაშენკოს კვლავ გაპრეზიდენტებას აპროტესტებენ და არჩევნების თავიდან ჩატარებას მოითხოვენ. არჩევნების შედეგებს არ აღიარებს გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატი სვეტლანა ტიხანოვსკაია, რომელიც შედეგების გამოცხადების შემდეგ იძულებული იყო, ქვეყანა დაეტოვებინა. მისი ინიციატივით, ძალაუფლების მშვიდობიანი გადაბარებისთვის საკოორდინაციო საბჭო შეიქმნა.

ევროპარლამენტმა ბელარუსში აგვისტოში ჩატარებულ არჩევნებს გაყალბებული უწოდა და არ აღიარა. ევროპარლამენტის თქმით, ლუკაშენკოს 5 ნოემბრიდან, როცა მისი უფლებამოსილების ვადა ამოიწურება, პრეზიდენტად აღარ აღიარებენ. ასევე, ევროკავშირს მოუწოდეს, რომ ლუკაშენკოს ეკონომიკური სანქციები დაეკისროს.