მთავარი არხის ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი ამბობს, რომ მაჟორიტარად კენჭისყრაზე გადაწყვეტილება ახალი მიღებული აქვს და არაერთი მიზეზის გარდა, მან გამოწვევის მიღებაზე მიხეილ სააკაშვილს უარი არ უთხრა.

"ფაქტობრივად, ორი საათის წინ მივიღე მე თვითონ გადაწყვეტილება, მეთქვა თანხმობა ვიყარო კენჭი. გადაწყვეტილების მიღების მთავარი საფუძველი იყო, რომ კარგად დამარწმუნეს იმაში, რომ ომია და ცხოვრების არც ერთ ეტაპზე ომში წასვლაზე უარი არ მითქვამს", — განაცხადა ჟორჟოლიანმა თავისი გადაცემის დაწყებისას.

როგორც იგი ამბობს, შემოთავაზება მას არაერთხელ მიუღია, თუმცა არ სურდა ქართული პოლიტიკის ნაწილი ყოფილიყო. მისივე თქმით, ის არ იქნება რიგითი პოლიტიკოსების მსგავსი და კამპანიის ფარგლებში ყველა სოფელში ჩავა და ყველას მოუსმენს.

"ეს არის სინამდვილეში რატომაც გადავწყვიტე, რომ ჩემს მეგობარს, ვისი თანამებრძოლიც ვიყავი მე ამ წლების განმავლობაში და ვისაც ვთვლი მთავარ წარმატების ფორმულად, რაც ამდენი ხნის განმავლობაში შექმნილა ამ ქვეყნის პირველ პირებში, ყველა ამ მიზეზის გამო ამ ადამიანს, მიშას არ ვუთხარი უარი ამ მთავარ გამოწვევაზე", — განაცხადა ჟორჟოლიანმა.

სამტრედია-წყალტუბოს მაჟორიტარულ ოლქში ნაციონალურმა მოძრაობამ გენერალ დევი ჭანკოტაძის კანდიდატურა ტელეწამყვან ნანუკა ჟორჟოლიანით ჩაანაცვლა.

როგორც პარტიის ლიდერი, გრიგოლ ვაშაძე განმარტავს, ქართული ოცნება ხშირად საუბრობს საქართველოს ხელისუფლების მიერ აგვისტოს ომის დაწყებაზე, რის გამოც მათ ეროვნულ კამპანიაში დევი ჭანკოტაძის ჩართვა გადაწყვიტეს.

ამავე თემაზე: