დასავლური კურსი და რუსეთთან დიალოგი — პოლიტიკური პარტიების ხედვები

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება?

პლატფორმა Partiebi.ge-ის მიერ გამოკითხულ პოლიტიკურ პარტიათა უმრავლესობას ქვეყნის საგარეო პოლიტიკაზე ერთიანი პოზიცია აქვს და აღნიშნავენ, რომ საქართველოს კურსი პროდასავლური უნდა იყოს და ქვეყანა ევროინტეგრაციისკენ ისწრაფვოდეს. თუმცა, მაგალითად, კახა კუკავას თავისუფალ საქართველოში ფიქრობენ, რომ ოკუპირებული ტერიტორიების პრობლემის გადაჭრის საკითხში პოლიტიკური დიალოგი ქვეყანამ ოკუპანტი რუსეთის მონაწილეობით უნდა გაააქტიუროს.

გთავაზობთ 8 პოლიტიკური პარტიის: ქართული ოცნების, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, გირჩის, მოქალაქეების, ლელოს, სტრატეგია აღმაშენებლისა და თავისუფალი საქართველოს ხედვებს, რომლებიც Partiebi.ge-ზე გამოქვეყნდა.

აღსანიშნავია, რომ მმართველი პოლიტიკური პარტიის, ქართული ოცნების პოზიცია ორივე საკითხზე უცნობია. მათი ხედვები გამოქვეყნებული არ არის, რადგან კითხვარი, რომელიც პლატფორმის ორგანიზატორებმა გაუგზავნეს, არ შეუვსიათ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ენმ-ში აცხადებენ, რომ მათი საგარეო პოლიტიკა მოიცავს შემდეგს:

  • საქართველოს საერთაშორისო როლის გაზრდა დეოკუპაციისა და ევროინტეგრაციისთვის;
  • დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერის გაძლიერება, ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული პარტნიორული ურთიერთობების აღდგენა და განმტკიცება;
  • ევროკავშირსა და ნატოში გაწევრიანების დაჩქარება;
  • ინვესტიციების მოზიდვა მსოფლიოს ყველა კუთხიდან.

რაც შეეხება ევროინტეგრაციას, პარტიაში ამბობენ, რომ დემოკრატიზაციის პროცესის ხელშეწყობით საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობა გააქტიურდება და ევროკავშირის ერთიან ეკონომიკურ სივრცეში ინტეგრაცია დაჩქარდება.

ევროპული საქართველო

ევროპულ საქართველოში აღნიშნავენ, რომ მათი საგარეო პრიორიტეტებია:

  • განუხრელი მსვლელობა ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაციის მიმართულებით;
  • ამერიკის შეერთებულ შტატებთან სტრატეგიული სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავება;
  • ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულება და ევროკავშირის საერთო ბაზარში ინტეგრირება (ოთხი თავისუფლების მიღწევა);
  • საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დაცვა საერთაშორისო ასპარეზზე, რუსეთის, როგორც ოკუპანტი სახელმწიფოს სტატუსის განმტკიცება და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკის წარმოება და სხვა.

რაც შეეხება ევროინტეგრაციას, პარტიის განმარტებით, მათი პრიორიტეტებია:

  • ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულება და ევროკავშირის საერთო ბაზარში ინტეგრირება (ოთხი თავისუფლების მიღწევა);
  • ევროკავშირსა და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან სამუშაო კვოტებზე შეთანხმების მიღწევა, რომ საქართველოს მოქალაქეებს, სურვილის შემთხვევაში, შეეძლოთ ლეგალურად იმუშაონ ამ ქვეყნებში, რაც მეტ ანაზღაურებას, მათი შრომის უფლებების დაცვას, სამედიცინო დაზღვევით უზრუნველყოფას ნიშნავს და სხვა.

გირჩი

გირჩში აცხადებენ, რომ სურთ საქართველოს მოქალაქეები ყველგან, სადაც მათ მოუნდებათ და რამდენადაც შესაძლებელია ამის მიღწევა თანამედროვე სამყაროში, გადაადგილდებოდნენ და ვაჭრობდნენ თავისუფლად. მათივე თქმით, უნდათ მშვიდობიანი ურთიერთობა ყველასთან, ხოლო ყველაზე მეტად ამერიკის შეერთებული შტატების იმედი აქვთ. რაც შეეხება ევროინტეგრაციას, პარტიაში აცხადებენ:

"ნაკლები რეგულირებებით და ბიუროკრატიით შევძლოთ ფუნქციონირება და ჩვენთვის სავალდებულო არ იყოს ყველაფერ იმის მკაცრად შესრულება, რა მოთხოვნებიც არსებობს ზოგადად ევროკავშირისგან — ამ მოთხოვნათა შესრულება ძალიან შეაფერხებს ჩვენს ეკონომიკურ ზრდას და კიდევ დიდხანს დაგვტოვებს სიღარიბეში", — აღნიშნავენ გირჩში.

ალეკო ელისაშვილი — მოქალაქეები


პარტიაში საგარეო პოლიტიკაზე განმარტავენ, რომ გაცხადებული პროდასავლური პოლიტიკური კურსი აქვთ. მათი თქმით, ისინი მხარს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციას უჭერენ.

ევროინტეგრაციაზე საუბრისას კი აღნიშნავენ, რომ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ყველა პუნქტის აღსრულებას სრულად უჭერენ მხარს.

"ჩვენთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მართლმსაჯულების თავისუფლებისა და უსაფრთხოების ნაწილი, ყველა ამ პრინციპის შესაბამისად საქართველოს კანონმდებლობის დაახლოება ევროკავშირის კანონმდებლობასთან. უმნიშვნელოვანესად მიგვაჩნია ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის საკითხიც, რადგან სწორედ ამ გზით არის შესაძლებელი საქართველოში ადგილობრივი პროდუქციის სათანადო ხარისხის წარმოების უზრუნველყოფა, უსაფრთხო საინვესტიციო გარემოს და ჯანსაღი, კონკურენტული ბაზრის შექმნა", — აღნიშნავენ პარტიაში.

ლელო

ლელოში აცხადებენ, რომ მათ ახალი საგარეო ფილოსოფია აქვთ. მათი თქმით, საგარეო პოლიტიკის ეფექტიანობა იზომება იმით, თუ რამდენად კარგად ემსახურება ის საშინაო პოლიტიკის ინტერესებს — პირველ რიგში კი, ადამიანთა დაცულობასა და კეთილდღეობას.

"ჩვენი საგარეო პოლიტიკის მიზანია საქართველოს საუკეთესო ეროვნული ინტერესებისა და საქართველოს მოქალაქეების კეთილდღეობის დაცვა. საგარეო პოლიტიკა იწყება არა გარეთ, არამედ ქვეყნის შიგნით", — აცხადებენ ლელოში.

ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით პარტიაში აღნიშნავენ, რომ ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება (თავისუფალი ვაჭრობის უმნიშვნელოვანესი კომპონენტითურთ) უზარმაზარ რესურსს შეიცავს, რომლის ჯერჯერობით მხოლოდ უმნიშვნელო ნაწილია ათვისებული. ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის ღრმა და ყოვლისმომცველი მექანიზმის სრულყოფილად გამოყენების მიზნით, პარტიაში მიაჩნიათ, რომ აუცილებელი იქნება მუშახელისა და მეწარმეების რეკვალიფიკაცია, თანაინვესტირება, ევროპული ბაზრის სტანდარტების მისაღწევად სახელმწიფოს მასტიმულირებელი პოლიტიკის შემოღება და ექსპორტის წახალისება.

სტრატეგია აღმაშენებელი

ბლოკში აცხადებენ, რომ ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანება მნიშვნელოვანი ეროვნული ინტერესი და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტია. მათი თქმით, ქვეყნის ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანებისთვის არსებითია ამ ორგანიზაციების წევრ ქვეყნებთან ორმხრივი ურთიერთობების გააქტიურება. სტრატეგია აღმაშენებელში ასევე აღნიშნავენ, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტების უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანესია პარტნიორებთან ორმხრივი ურთიერთობების გაღრმავება.

ევროინტეგრაციასთან დაკავშირებით პარტიაში განმარტავენ, რომ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების, მათ შორის ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულებების რეალიზაციის კუთხით მნიშვნელოვანია, ქართული ბიზნესის ევროკავშირის სტანდარტებზე სწრაფად გადაყვანა მოხდეს.

თავისუფალი საქართველო

კახა კუკავას პარტია თავისუფალი საქართველოს განცხადებით, ქვეყნის განვითარების კურსი უნდა ეფუძნებოდეს დასავლურ პოლიტიკურ, სამართლებრივ და ეკონომიკურ ღირებულებებს. მათივე აზრით, ამავდროულად, ქვეყანამ შეძლებისდაგვარად ნორმალური ურთიერთობები უნდა დაამყაროს დანარჩენ მეზობლებთანაც. კუკავას პარტიაში მიაჩნიათ, რომ ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მთავარი ამოცანა უნდა გახდეს ოკუპირებული ტერიტორიების რეინტენგრაცია, რაც, მათი თქმით, წინა ხელისუფლების პირობებში მხოლოდ პროპაგანდას წარმოადგენდა, ხოლო დღევანდელი ხელისუფლების პირობებში საერთოდ დავიწყებულია.

განსხვავებით პარტიათა უმრავლესობისგან, რომლებიც მიიჩნევენ რომ ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი საქართველომ დასავლელი პარტნიორების ჩართულობით უნდა მოაგვაროს, თავისუფალ საქართველოში ფიქრობენ, რომ პოლიტიკური დიალოგი ქვეყანამ რუსეთის მონაწილეობით უნდა გაააქტიუროს.

"საქართველო გაააქტიურებს პოლიტიკურ დიალოგს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რუსეთის მონაწილეობით. ამგვარი დიალოგის პრიორიტეტი უნდა იყოს როგორც დეოკუპაცია, ისე ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ პირთა უფლებების დაცვა და ესკალაციის თავიდან აცილება", — აცხადებენ პარტიაში.

ევროინტეგრაციაზე პარტიის პოზიცია უცნობია.

Partiebi.ge 2012 წლიდან აქვეყნებს საქართველოს პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო შეხედულებებს ქვეყნისათვის მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე. პროექტი საქართველოში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ არის დაფინანსებული და მიზნად ისახავს 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის ხელი შეუწყოს როგორც პოლიტიკური პარტიების წინადადებების ფორმირებას, ისე საზოგადოების ინფორმირებას ამ წინადადებების შესახებ. ამავე ვებგვერდზე გამოქვეყნებულია პარტიების ხედვები სხვადასხვა საკითხზე.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ოცნების დეპუტატის, გია ცაგარეიშვილის შვილი: მედვედევს რაც მოსწონს, დუგინს რაც მოსწონს — ჩვენ ავტომატურად არ მოგვწონს, 2x2
  2. "ჩემს სახეზე ეს კვალი გაქრება, მაგრამ შენი სახიდან რუსეთის მონის კვალი ვერ ჩამოირეცხება" — სტუდენტის მიმართვა პრემიერ-მინისტრს
  3. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  4. მდინარაძე: როცა ქალი ამბობს, "არ ვარ დაოჯახებული, მაგრამ მინდა მყავდეს შვილი", ამის უფლება უნდა ჰქონდეს თუ არა, საკამათოა
  5. სტუდენტი, რომელიც კობახიძის ლექციაზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშით მივიდა, ლექციაზე არ შეუშვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ