ევროკავშირი შეშფოთებას გამოთქვამს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის სამხედრო წვრთნებთან დაკავშირებით. ეუთო-ში ევროკავშირის მისიის განცხადება საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"მსგავსი სამხედრო წვრთნები სუვერენული სახელმწიფოს ტერიტორიაზე, ამ სახელმწიფოს თანხმობის გარეშე, არღვევს საერთაშორისო სამართლის ნორმებს და პრინციპებს, რაც ასახულია გაეროს ქარტიაში, ჰელსინკის საბოლოო აქტსა და პარიზის ქარტიაში", — ნათქვამია ეუთო-ში ევროკავშირის მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ევროკავშირი ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ფარგლებში და მოუწოდებს რუსეთს შეასრულოს საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებები, მათ შორის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ევროკავშირის შუამავლობით 2008 წლის 12 აგვისტოს ხელმოწერილი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებები.

რუსეთი ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნებს ატარებს. კავკასია 2020-ის მასშტაბური წვრთნები 21-26 სექტემბერს სამხრეთის სამხედრო ოლქის ბაზებზე, ასევე შავი და კასპიის ზღვების აკვატორიაში ჩატარდება. მასში 1 500-ზე მეტი სამხედრო, 500-ზე მეტი სამხედრო ტექნიკა და ავიაციაა ჩართული.