აზერბაიჯანში SOCAR-ის გაზსადენის აფეთქება საქართველოს გაზმომარაგებას პრობლემას არ შეუქმნის. ეს ინფორმაცია On.ge-ს ნავთობისა და გაზის კორპორაციის პრესსამსახურმა მიაწოდა. მისი თქმით, აღნიშნული გაზსადენი საქართველოს არ უკავშირდება:

"ქართული მხარე აზერბაიჯანულ მხარეს ესაუბრა. დაადასტურეს მათ აფეთქება, თუმცა ეს მილსადენი საქართველოს არ უკავშირდება, ანუ საქართველოს გაზმომარაგებაში არანაირი პრობლემა არ შეიქმნება."

სოკარის ინფორმაციით, დღეს, 27 დეკემბერს, აზერბაიჯანში 1 000 მილიმეტრიანი გაზსადენი აფეთქდა. ორგანიზაციის ცნობით, აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია, ხოლო კონკრეტულ რეგიონს ბუნებრივი აირი ალტერნატიული მილსადენით მიეწოდება.