Studio Ghibli თავის მაყურებელს ყოველთვის ეხმარებოდა, რომ ყოველდღიური ცხოვრებიდან მათი ანიმაციური ფილმების საშუალებით ჯადოსნურ სამყაროში გადაენაცვლათ და 2020 წლით გამოწვეული სტრესის შემსუბუქებაც ამ კომპანიის მესვეურებმა ახალი სიმბოლური სიურპრიზით გადაწყვიტეს.

ცნობილმა იაპონურმა კინოსტუდიამ თავისი საკულტო ანიმეებიდან 400 მაღალი ხარისხის ფოტო გაავრცელა, რომელთა შორისაცაა კადრები ისეთი პოპულარული ანიმაციური ფილმებიდან, როგორებიცაა When Marnie Was There, The Tale of the Princess Kaguya, The Wind Rises, From Up on Poppy Hill, The Secret World of Arrietty, Ponyo, Tales from Earthsea და რაღა თქმა უნდა, ოსკაროსანი Spirited Away.

როგორც Studio Ghibli-ის თანადამფუძნებელმა, ტოშიო სუზუკიმ განაცხადა, ამ ვიზუალების გამოყენება ნებისმიერ მსურველს უფასოდ შეუძლია, რაც იმას ნიშნავს, რომ ყველას აქვს უფლება, იშვიათად მაღალი რეზოლუციის ფოტოები სოციალურ ქსელებში განათავსოს ან მათი საშუალებით საავტორო ილუსტრაციები შექმნას. ოღონდ მთავარია, ისინი ფინანსური სარგებლის მიღების მიზნით არ გამოიყენონ.

ფოტო: Studio Ghibli

Studio Ghibli-ის თანადამფუძნებელი ტოშიო სუზუკი აღნიშნავს, რომ ჯერ მხოლოდ რვა ანიმეს ფოტოები გაავრცელეს უფასოდ, თუმცა მალე მათი კიდევ სხვა ცნობილი პროექტების ილუსტრაციები იქნება ხელმისაწვდომი ყველასთვის.

ფოტო: Studio Ghibli

ახლახანს გავრცელებული ყველა მასალა ხელმისაწვდომია აქ.

ფოტო: Studio Ghibli

Studio Ghibli 1985 წელს დაფუძნდა და მას შემდეგ არაერთი გახმაურებული ანიმაციური ფილმი შექმნა, რომელმაც არა მხოლოდ მისი პროდუქცია, არამედ მთლიანად ანიმაციის იაპონური კულტურა გახადა პოპულარული.

მათ შორის გამორჩეულად ცნობილია ჰაიაო მიძაკის შემოქმედება, რომლის ანიმემ Spirited Away 2003 წელს ოსკარიც დაიმსახურა, როგორც საუკეთესო ანიმაციური ფილმი. მიაძაკიმ ბოლოს სრულმეტრაჟიანი ანიმაცია 2013 წელს გამოუშვა, სახელწოდებით The Wind Rises.

თუმცა, როგორც დიდი ხანია ცნობილია, ეს სახელოვანი იაპონელი ხელოვანი ახალ პროექტზე მუშაობს — How Do You Live? რომელიც მის ყველა წინანდელ ნამუშევარზე უფრო მასშტაბური უნდა იყოს: მის შექმნაზე 60 ანიმატორი მუშაობს, რათა თითოეული კადრი ხელით შექმნან.

"ჩვენ კვლავ ყველაფერს ხელით ვხატავთ, მაგრამ ამ ანიმაციის შესაქმნელად უფრო მეტი დრო გვჭირდება, ვიდრე მანამდე, რადგან მასში გაცილებით მეტი კადრი იქნება. ამიტომაც, უფრო მეტი რამ გვაქვს ხელით დასახატი. როცა My Neighbor Totoro-ს შექმნაზე ვმუშაობდით, მხოლოდ რვა ანიმატორი გვყავდა. ტოტორო რვა თვეში შეიქმნა. მიაძაკის ამჟამინდელ ფილმზე 60 ანიმატორი მუშაობს, თუმცა მისი ერთი წუთის შესაქმნელად მაინც ერთი თვე გვჭირდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ერთწლიანი მუშაობა მხოლოდ ანიმეს 12 წუთს უდრის. უკვე ამ ფილმზე 3 წელია ვმუშაობთ და მისი 36 წუთი მზადაა. იმედი გვაქვს, რომ მის დასრულებას შემდეგ 3 წელში შევძლებთ", — განაცხადა ტოშიო სუზუკიმ.

მართალია, ერთგულ ფანებს კიდევ დიდხანს მოუწევთ ლოდინი, თუმც მთავარია, რომ მიაძაკი კიდევ ერთხელ მისცემს ყველას შესაძლებლობას თავისი საოცარი ფანტაზიით ხორცშესხმულ სამყაროში იმოგზაუროს.