ტომ კრუზმა რამდენიმე თვის წინ კოსმოსში გადაღებულ პირველ ფილმში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. ახლახან კი მსგავსი ამბიციები რუსეთიდანაც გაჟღერდა.

რუსეთის კოსმოსურ სააგენტოში, როსკოსმოსში ამბობენ, რომ რუსეთს აქვს სურვილი, გახდეს პირველი ქვეყნა, რომელიც კოსმოსში ფილმს გადაიღებს.

ფილმის შესაძლო სცენარი რუსული კოსმოსური ხომალდით, სოიუზით საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე გაფრენას ითვალისწინებს, რაც 2021 წლის შემოდგომისთვის იგეგმება. "პროტაგონისტი დამხმარე ეკიპაჟთან ერთად ISS-ზე გაფრინდება", — აცხადებენ სააგენტოში. მონაწილე კი ღია კონკრუსის შედეგად შეირჩევა.

ფილმის გადაღების პრაქტიკული მხარე და დეტალები, ისევე როგორც სცენარი, ამ დროისთვის ჯერ კიდევ განხილვის ეტაპზეა. კოსმოსში ფილმის გადაღების მიზანი, როსკოსმოსის განცხადების მიხედვით, "რუსეთის კოსმოსური აქტივობების პოპულარიზაციაა".

როსკოსმოსის განცხადება მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც ტომ კრუზის და Space X-ის თანამშრომლობის შესახებ გახდა ცნობილი. ტომ კრუზის ამბიციებს, NASA-ც შეუერთდა. სააგენტოს ადმინისტრატორმა განაცხადა, რომ NASA ტომ კრუზთან თანამშრომლობისთვის მზადაა.