გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, რომ "მზრუნველი მთავრობა" არის სწორედ ის მთავრობა, რომელსაც აქვს ძალაუფლება მოგცეს ყველაფერი ან წაგართვას და შემდეგ რეზინის ტყვიები დაგიშინოს რუსთაველიდან.

"მზრუნველი მთავრობა, რომელსაც შეუძლია მოგცეს ყველაფერი, არის მთავრობა, რომელსაც აქვს ძალაუფლება, რომელსაც შეუძლია ყველაფერი წაგართვას და მერე გიშენს რეზინის ტყვიებს რუსთაველზე. ეს იდეაა დასამარცხებელი, ამას უნდა ვებრძოდეთ და არა ბიძინა ივანიშვილს", — განაცხადა ჯაფარიძემ.

გირჩის ლიდერის თქმით, მმართველი გუნდი მზრუნველი მთავრობის იდეას ჰყიდის, მზრუნველი მთავრობა კი ყველაზე დიდი ბოროტებაა, რაც შეიძლება არსებობდეს.

"სინამდვილეში ყიდიან მზრუნველი მთავრობის იდეას, რომელიც ყველა გამოსვლაში ჩანს. ივანიშვილი სადაც გამოჩნდა, ყველგან ახსენებს, რომ ნახეთ როგორი მზრუნველი მთავრობაა. ადამიანებში, რომლებიც მოდიან საბჭოთა კავშირიდან და ისედაც აქვთ ტვინში ჩაჭედილი, რომ მთავრობამ უნდა მომიაროს, მომხედოს, ჩამაცვას, დამახუროს, მაჭამოს, მასვას, კიდევ უფრო ახდენენ, ჩემი აზრით, სრულიად მავნებლური ლტოლვების და ინსტინქტების გენერირებას, ვითომ ეგეთი მთავრობა არის სწორი, რომ უნდა მოგიაროს, მოგხედოს. სინამდვილეში, ეგ არის მონების მდგომარეობაში ადამიანების დატოვება", — განაცხადა ჯაფარიძემ მთავარი არხის ეთერში.

გირჩის ლიდერი, ასევე, აცხადებს, რომ ოპოზიცია მმართველ გუნდთან ამ თემაზე კონკურენციაში კი არ უნდა შევიდეს, არამედ სწორედ მზრუნველი მთავრობის იდეას უნდა დაუპირისპირდეს.