რა ხედვა აქვთ პარტიებს განათლების სისტემაზე

0 წაკითხვა 0 კომენტარი 0 გაზიარება

რა ხდება

დეცენტრალიზაცია, ვაუჩერული სისტემა, სკოლების დეპოლიტიზირება, სტუდენტების დაფინანსების გაზრდა, დამოუკიდებლობა, არჩევითი დირექტორები — ეს იმ ღონისძიებათა მცირე ჩამონათვალია, რომლის განხორციელებასაც პარტიები განათლების სისტემაში გეგმავენ.

გთავაზობთ შვიდი პოლიტიკური პარტიის — ქართული ოცნების, ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, მოქალაქეების, გირჩის, სტრატეგია აღმაშენებლისა და ლელოს ხედვებს, რომელიც პლატფორმაზე Partiebi.ge-ზე გამოქვეყნდა.

ქართული ოცნება

პარტიის პოზიცია ამ საკითხზე უცნობია. მმართველ გუნდის ხედვები გამოქვეყნებული არ არის, რადგან კითხვარი, რომელიც პლატფორმის ორგანიზატორებმა გაუგზავნეს, არ შეუვსიათ.

ალეკო ელისაშვილი — მოქალაქეები

როგორც პარტიაში აცხადებენ, ისინი იმ პრობლემებზე გაამახვილებენ ყურადღებას, რომელთა მოგვარება მხოლოდ კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და შედეგის მიღწევაც უფრო მალე იქნება შესაძლებელი.

პარტიაში აღნიშნავენ, რომ განათლების სისტემა, პირველ რიგში, რეფორმების სწრაფად გატარებამ, მთავრობიდან მთავრობამდე ფუნდამენტურ ცვლილებებს გულისხმობს. მათ მიაჩნიათ, რომ საჭიროა ერთიანი გრძელვადიანი საყოველთაო კონსენსუსის საფუძველზე ჩამოყალიბდეს დოკუმენტი, რომელიც იმოქმედებს ხელისუფლების ცვლილებების მიუხედავად.

გარდა ამისა, მოქალაქეებს თანამედროვე განათლების სისტემის ყველაზე დიდ ამოცანად მიაჩნიათ მთლიანად სისტემის, განსაკუთრებით სკოლების დეპოლიტიზების საკითხი.

"საქართველოში აბსოლუტურად საკმარისი რაოდენობის სკოლები გვაქვს, ასევე საკმარისზე მეტი მასწავლებელი გვყავს (საქართველოში ერთ მასწავლებელზე მოდის 9 მოსწავლე, როცა საფრანგეთში ეს მაჩვენებელი 18-ია, მეზობელ ქვეყნებში - 15 და ა.შ.). განათლების სამინისტროსაც, სხვა სამინისტროებთან შედარებით, გაცილებით მაღალი ბიუჯეტი აქვს, მასწავლებლის ხელფასი ბოლო წლებთან შედარებით გაუმჯობესდა, თუმცა, ამის მიუხედავად, სკოლები ვერ უზრუნველყოფენ ხარისხიანი განათლების მიწოდებას. ჩვენი აზრით, პრობლემის ფუნდამენტური მიზეზი ის არის, რომ დღეს მასწავლებლის შრომა არ ფასდება იმის მიხედვით, თუ რა ასწავლეს მათ ბავშვებს. სამწუხაროდ, მასწავლებლის ინსტიტუტი დღემდე მმართველი პარტიების მხრიდან აღიქმება, როგორც ადმინისტრაციული რესურსი, ამიტომაც გადაუდებელი ამოცანაა სკოლების სრული დეპოლიტიზება", — აცხადებენ პარტიაში.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, პარტიაში მიაჩნიათ, რომ უნივერსიტეტებში უნდა გაძლიერდეს პროფესიული მიმართულებების — აგროსპეციალობების აკადემიურ დონეზე ინტერდისციპლინური სწავლებები. მათივე თქმით, დღეს საქართველოში მხოლოდ ერთი უნივერსიტეტი ასწავლის აგროსპეციალობას, როცა სხვადასხვა ქალაქში ადგილობრივ მეურნეობაზე მორგებული არცერთი დისციპლინა არ ისწავლება.

გირჩი

პარტიის ხედვა განათლებასთან დაკავშირებით ერთ წინადადებაშია მოქცეული და ასახავს იმასაც, რომელსაც ისინი დიდი ხანია იმეორებენ. მათ მიაჩნიათ, რომ განათლების სფეროში სახელმწიფო ჩარევა უნდა გაუქმდეს და ეს სფერო კერძო სექტორს გადაეცეს.

ევროპული საქართველო

ევროპული საქართველო პროგრამაში ამახვილებს ყურადღებას იმაზე, რომ ყოველწლიურად ეროვნული გამოცდების შედეგები უარესდება, ამასთან იზრდება იმ აბიტურიენტების რაოდენობა, ვინც ზღვარს ვერ სცდება. გარდა ამისა, ისინი აღნიშნავენ, რომ 2020 წლის მონაცემებით 59 ათას სტუდენტს სტატუსი აქვს შეჩერებული, მათგან თითქმის 20 ათასს ფინანსური დავალიანების გამო.

რაც შეეხება პროფესიულ სასწავლებლებს, პარტიაში აღნიშნავენ, რომ 2017 წელს ჩარიცხული სტუდენტების თითქმის ერთ მესამედს (29%) 2020 წლის პირველი კვარტლის მდგომარეობით სტატუსი შეწყვეტილი ჰქონდა. მათივე თქმით, 2014 წლიდან ყოველწლიურად მცირდება განათლების ბიუჯეტში სტუდენტთა სასტიპენდიოდ გამოყოფილი თანხის რაოდენობა.

საგანმანათლებლო სფეროს გაჯანსაღებისთვის ევროპული საქართველო აპირებს, კერძო განათლების სფერო გაათავისუფლოს სახელმწიფო რეგულაციებისგან, ხოლო საჯარო სკოლებს მიანიჭოს ფინანსური და მმართველობითი ავტონომია. მათივე თქმით, გაიზრდება მშობელთა როლი სკოლების მართვისას და აღიკვეთება მასწავლებლებზე პოლიტიკური ზემოქმედების ნებისმიერი მცდელობა. ამასთან ერთად, ევროპული საქართველოს საპარლამენტო გუნდი კონკრეტულ წინადადებებს წარუდგენს მთავრობას უკვე მომავალი წლიდან, თუ როგორ გაიზარდოს:

  • ვაუჩერის პრინციპზე გადაყვანით სკოლამდელი განათლების (საბავშვო ბაღების) ხელმისაწვდომობა და არჩევანი;
  • სასკოლო ვაუჩერის ღირებულება, რომ სასკოლო სამეურვეო საბჭოებს, სკოლების სრულყოფილი თვითმმართველობისა და ფინანსური ავტონომიის პირობებში, საშუალება მიეცეთ მასწავლებელთა ხელფასი მინიმუმ 700 ლარამდე, ხოლო სერტიფიცირებულ ყველა მასწავლებელს მინიმუმ 1 000 ლარამდე გაეზარდოს;
  • 8 000 სტუდენტით სახელმწიფო საგრანტო პროგრამებით დაფინანსებულ სტუდენტთა რაოდენობა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობა

ნაციონალური მოძრაობის გეგმის თანახმად, განათლების რეფორმის მიზანია, საქართველო გახდეს თანამედროვე და ტექნოლოგიური საგანმანათლებლო ცენტრი რეგიონში და მომავალ თაობებს თვითრეალიზებისა და წარმატების თანაბარი შესაძლებლობა მისცეს.

ისინი სამ ძირითად მიმართულებას გამოყოფენ, რომლის განხორციელებასაც გეგმავენ.

ბაღის აღსაზრდელებს: გადაეცემათ 1 500-ლარიანი სკოლამდელი განათლების ვაუჩერი. პარტია გეგმას საბავშვო ბაღების ვაუჩერულ დაფინანსების შემოღებას, როცა ყველა მშობელს მიეცემა არჩევანის შესაძლებლობა, შვილი მიიყვანოს როგორც საჯარო, ისე კერძო ბაღში.

სასკოლო ასაკის მოსწავლეებს: გეგმა ითვალისწინებს 2 000-ლარიანი სასკოლო ვაუჩერის გადაცემას. 3-ჯერ გაზრდილი დაფინანსებით მოსწავლე ისარგებლებს როგორც კერძო, ისე საჯარო სკოლაში. სასკოლო ასაკი უნდა განისაზღვროს სამართლიანი პრინციპით — კალენდარული წლით. პარტიაში მიაჩნიათ, რომ 5 წლის ასაკის ბავშვის მშობელმა თავად უნდა მიიღოს შვილის სკოლაში მიყვანის გადაწყვეტილება, რაშიც მას სახელმწიფო ფსიქოლოგებისა და ექსპერტების ინდივიდუალური რეკომენდაციებისა და ონლაინკონსულტაციის უზრუნველყოფით დაეხმარება.

პედაგოგებს: 2 000-ლარიანი ანაზღაურება. ნაციონალურ მოძრაობაში აცხადებენ, რომ ვაუჩერული დაფინანსების გაორმაგება სკოლის შემოსავალს საშუალოდ 2,5-ჯერ გაზრდის. გარდა ამისა, ისინი აღნიშნავენ, რომ ზოგად განათლებაში დაფინანსების კონკურენციაზე დაფუძნებულ მოდელზე გადასვლა, საშემოსავლო/მოგების გადასახადების გაუქმება და დაფინანსების ზრდა მნიშვნელოვნად აისახება პედაგოგის ხელფასზე.

გეგმის თანახმად, უნდა დაინერგოს პროფესიული განათლების საერთაშორისოდ აღიარებული 3, 6 და 9-თვიანი BTEC პროგრამები და კვალიფიკაციის აღიარების მექანიზმები, რაც, მათი აზრით, გაზრდის მოქალაქეების ხელფასს და გააადვილებს ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებში მათ დასაქმებას.

ამასთან, გეგმა ითვალისწინებს უმაღლესი სასწავლებლის 100%-იანი სახელმწიფო გრანტის 2 250 ლარიდან 4 500 ლარამდე გაზრდას. პროგრამის თანახმად, ყველა სტუდენტი, რომელსაც დღეს აქვთ 30%-იანი და მეტი გრანტი, დაფინანსდებიან სრულად — 100%-ით. სრულად დაფინანსდება მსოფლიოს ტოპ-100 უნივერსიტეტში მიღებული ყველა სტუდენტი.

პროგრამაში აღნიშნულია, რომ განათლების მინისტრი შეითავსებს კომერციული ატაშეს ფუნქციას და ლობირებას გაუწევს რეფორმებს, რომლებიც გაამარტივებს სასწავლო ვიზების მიღების პროცესს; ასევე ევროპის თანამედროვე საგანმანათლებლო ცენტრში პოპულარიზებას გაუწევს იდეას — "ისწავლე საქართველოში!".

ლელო საქართველოსთვის

პარტიაში აცხადებენ, რომ მოხდება საშუალო სკოლების საკადრო, ფინანსური და ლოგისტიკური დეცენტრალიზაცია. სამინისტროს დარჩება, ძირითადად, საგანმანათლებლო პოლიტიკის შემუშავების, სასწავლო პროგრამების დამტკიცებისა და ხარისხის კონტროლის ფუნქციები.

პროგრამის თანახმად, შეიცვლება საგანმანათლებლო დაწესებულებების მიმართ სახელმწიფო ზედამხედველობის მიდგომა — განათლების ხარისხის კონტროლი არა სასჯელისთვის, არამედ განვითარებისთვის. სასწავლო პროგრამების შესაბამისი სახელმძღვანელოებისა და თანმდევი მასალის შექმნა-განვითარების პრეროგატივა გამომცემლობებს მიენიჭებათ.

ისინი აღნიშნავენ, რომ დაინერგება ბავშვის აღზრდა-განათლებაში სკოლისა და ოჯახის სისტემატური თანამონაწილეობის თანამედროვე ეფექტური ფორმები და მექანიზმები. თვითმმართველობებისა და ცენტრალური ხელისუფლების ერთობლივი ძალისხმევით 2024 წლისთვის ყველა მსურველი დაკმაყოფილდება სკოლამდელი აღზრდა-განათლების დაწესებულებით.

ლელოში აცხადებენ, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში გაფართოვდება საშუალო სკოლის როლი შესაბამისი დასახლებისა და უბნის მასშტაბით — სკოლა შეიძენს კულტურული, გამაჯანსაღებელი და დემოკრატიული ჩართულობის ცენტრის ფუნქციასაც.

"აღდგება უსისტემო რეფორმებისა და სკოლის პოლიტიზების გამო შელახული პედაგოგის პროფესიული პრესტიჟი — პედაგოგი გათავისუფლდება პოლიტიკური მიზნებით ადმინისტრაციული გავლენისა და წნეხისგან (მათ შორის, საუბნო-საარჩევნო კომისიების წევრობისგან) და გაუმჯობესდება პროფესიული საქმიანობის პირობები", — ვკითხულობთ პროგრამაში.

ამასთან, პარტიაშ გეგმავენ ოკუპირებულ ტერიტორიებსა და ემიგრაციაში მყოფთთათვის დისტანციური სწავლება დანერგონ.

ლელოს საგანმანათლებლო პოლიტიკის მიზანია ქართულ უმაღლეს სასწავლებლებში ევროკავშირის მასშტაბით კონკურენტუნარიანი პროფესიონალების მომზადება.

მათივე თქმით, წახალისდება სტუდენტებისთვის პრაქტიკული პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება. როგორც ამბობენ, შეიქმნება სამოტივაციო სისტემა, რათა უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტები მე-2 კურსიდან მოყოლებული მთავარ სემესტრულ თუ საკურსო ნაშრომებს არჩევდნენ კონკრეტული სახელმწიფო დაწესებულების ან კერძო კომპანიის პრაქტიკულ, რეალურ საკითხებსა და პრობლემებზე. წახალისდება აგრეთვე პროფესიული განათლების ცენტრების შექმნისა და განვითარებისთვის ბიზნესსტრუქტურების, მსხვილი ინვესტორებისა და პროფილური ბიზნესასოციაციების საქმიანობა.

"დასრულდება ოდეერებისა და პოლიტიკური ზედამხედველობის სხვა ინსტრუმენტების პრაქტიკა უმაღლეს სასწავლებლებში. შეიზღუდება პოლიტიკური თანამდებობების დატოვების შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ადმინისტრაციული თანამდებობების დაკავება", — აცხადებენ პარტიაში.

სტრატეგია აღმაშენებელი

სტრატეგია აღმაშენებლის განათლების პოლიტიკა ემყარება სამ ძირითად პრინციპს. ესენია: დეცენტრალიზაცია, დეპოლიტიზაცია, მოდერნიზაცია.

მათი მოსაზრებით, სახელმწიფო ბაღებისა და სკოლების დირექტორები პირდაპირი წესით 4 წლის ვადით უნდა აირჩიონ, რომლებსაც ფარული კენჭისყრით ირჩევენ ამავე დაწესებულების აღსაზრდელთა და მოსწავლეთა მშობლები და მასწავლებლები.

პარტიის ხედვით, პირდაპირი წესით უნდა აირჩიონ სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორები, რომლებსაც ირჩევენ პროფესორ-მასწავლებლები პირდაპირი არჩევნების გზით 4 წლის ვადით. არჩევნების ჩატარებას უზრუნველყოფს ცენტრალური საარჩევნო კომისია.

სახელფასო გადანაწილებას კი პარტია ასე წარმოადგენს:

  • არჩეული სკოლის დირექტორის ხელფასი — 3 000 ლარი;
  • საბავშვო ბაღის დირექტორის ხელფასი — 1500 ლარი;
  • მასწავლებლის მინიმალური ხელფასი სკოლაში — 1 000 ლარი;
  • ბაღში — 700 ლარი.

მათივე თქმით, გათანაბრდება ვაუჩერები საჯარო და კერძო სექტორში, როგორც სკოლაში, ისე ბაღებში. პარტიაში მიაჩნიათ, რომ საჯაროდან კერძო სკოლაში/ბაღში გადასვლისას სასკოლო ვაუჩერი ზუსტად იმავე ოდენობით უნდა მიეცეს მოსწავლეს, რაც სახელმწიფომ მას გამოუყო.

სტრატეგია აღმაშენებელი აპირებს, შექმნას თანამშრომლობითი სამიტი 5 000 მასწავლებლისთვის წელიწადში ორჯერ, რომელიც არაფორმალურ გარემოში კოლეგებისთვის საუკეთესო პრაქტიკისა და მიღწევების გაზიარების შესაძლებლობა იქნება. გეგმავენ, 10 000 გრანტის ყოველწლიურად გამოყოფას მომავლის პროფესიების დაუფლებისთვის — ΙΤ, მარკეტინგი, დიზაინი, ციფრული ტექნოლოგიები, წარმოება, ტურიზმი და ა.შ. კერძო სექტორთან თანამშრომლობით საქართველოს 10 რეგიონში ჩამოყალიბდება პროფესიული განვითარების კურსები.

პროგრამის თანახმად, თითოეულ მოქალაქეს მე-10 კლასიდან გაუჩნდება შესაძლებლობა ისწავლოს, განვითარდეს და დასაქმდეს სასურველი პროფესიით, მაღალანაზღაურებად პოზიციაზე ქვეყნიდან გაუსვლელად. TOP 100 უნივერსიტეტთან თანამშრომლობით შექმნილ პროგრამებზე ჩარიცხულ თითოეულ სტუდენტზე აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას ეძლევა სახელმწიფო გრანტზე + 30%-იანი დანამატი.

პარტიაში საუბრობენ, ასევე, რომ საუკეთესო შედეგების მქონე 500 მასწავლებლისთვის იქნება საკვალიფიკაციო სტაჟირება უცხოეთში — ევროპული საუკეთესო პრაქტიკის გასაზიარებლად. პარტია გეგმავს, სამეცნიერო კვლევების წახალისებას.

ამასთან, სტრატეგია აღმაშენებელში აცხადებენ, რომ საქართველოს კულტურისა და ისტორიის კვლევითი ცენტრის დაარსდება.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  2. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  3. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  4. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ
  5. პარლამენტმა რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება ხვალისთვის გადადო — რა იქნება შემდეგ, პროცედურულად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა

ყველამ ვიცით, რომ ჩახუტება ნუგეშთან და დადებით ემოციებთან ასოცირდება, მაგრამ რას ამბობს მეცნიერება მისი გავლენის…