პარტია მოქალაქეების თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილმა რუსთავის 2-ის ეთერში სტუმრობისას განაცხადა, რომ საბურთალოზე წიგნი დაწერა. მისივე თქმით, წიგნი სათაურით "ეს საბურთალოა — ერთი უბნის ამბავი" რამდენიმე დღეში გამოვა. ელისაშვილი, ასევე, ამბობს, რომ წიგნის გაყიდვიდან შემოსულ თანხას პარტიის საარჩევნო კამპანიას მოახმარს.

"იპოდრომთან, სტენსილით კედელზე არის დაწერილი — "ეს საბურთალოა!" ისე მომეწონა, ერთ-ერთი ახსნაა ჩემთვის საბურთალოსი. ერთ-ერთი ჩემი მეგობარი მეუბნებოდა, როგორც ბრუკლინია ნიუ-იორკისთვისო, ისე საბურთალოა თბილისისთვისო. წლები ვაგროვებდი საბურთალოზე ჩანაწერებს, ძველ ხალხთან, ვისთანაც ასაკოვანთან მილაპარაკია, ხან წიგნში ამოვიკითხავდი საბურთალოზე ცნობებს, სულ მაინტერესებდა და დავწერე საბურთალოს ისტორია", — განაცხადა ელისაშვილმა.

მისივე თქმით, მას რომ ჰკითხოთ, საბურთალოელები ქცევითა და მეტყველებითაც გამოირჩევიან, სხვა ხასიათი აქვთ და ეს არის საბურთალო.

მან სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ განათლებისა და სოფლის მეურნეობის თვალსაზრისით, რეფორმებს გეგმავს. ელისაშვილმა, აგრეთვე, აღნიშნა, რომ მათი პრემიერობის კანდიდატი ლევან იოსელიანი იქნება.