მსოფლიოში ერთ-ერთმა წამყვანმა გლობალურმა ბიზნეს აქსელერატორმა, 500 Startups-მა, საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, თბილისში, შერჩეული სტარტაპებისთვის ექვსკვირიანი ინტენსიური სააქსელერაციო პროგრამა მოაწყო. ამის შედეგად, პროგრამის ერთ-ერთმა მონაწილე სტარტაპმა, Raccoon-მა 22 სექტემებრს 900 ათასი ევროს ინვესტიცია მიიღო, რაც კომპანიას ფიზიოთერაპიის პლატფორმის განვითარებაზე კონცენტრირებაში დაეხმარება.

Raccoon.Recovery Light წარმოადენს ფიზიოთერაპიის ჩანაწერებისთვის განკუთვნილ აპლიკაციას, რომელიც რეაბილიტაციის დარგის სპეციალისტებს პაციენტების დისტანციურად მომსახურების საშუალებას აძლევს. იგი სარეაბილიტაციო პროცედურების ინტერნეტის მეშვეობით, დისტანციურად ჩატარებას უზრუნველყოფს.

დისტანციური აქტივობები მოიცავს ავტომატიზირებულ ტესტებს, საშინაო სავარჯიშოების — სწრაფი და მარტივი სათამაშო პროგრამების შექმნას, სწავლის დისტანციურ მონიტორინგს, ჩაშენებულ მესენჯერსა და ვიდეოზარის ფუნქციას. კომპანია სარეაბილიტაციო ვარჯიშებს უნიკალური გემიფიკაციის მეთოდით უდგება, რაც პაციენტისთვის პროცესს უფრო სახალისოსა და ეფექტიანს ხდის.

სტარტაპმა აქსელერაცია ამერიკულ აქსელერატორში, 500 Startups-ში გაიარა. შეგახსენებთ, რომ დაარსების დღიდან აქსელერატორმა 5 გლობალური და 15 თემატური ფონდის მეშვეობით 2 300 კომპანია დააფინანსა. მას 5 000-ზე მეტი დამფუძნებელი ჰყავს და დღეს 500 Startups მსოფლიოში 75 ქვეყანაში ახორციელებს ინვესტიციებს. 500 Startups-ში აქსელერაცია გაიარეს ისეთმა წარმატებულმა სტარტაპებმა, როგორებიცაა Udemy, Canva, GitLab და სხვა.

გარდა თანაინვესტირებისა, 500 Startups სტარტაპების მხარდაჭერას სხვადასხვა საგანმანათლებლო პროგრამის, ღონისძიების, კონფერენციისა და მსოფლიოს მასშტაბით მთავრობებთან და კორპორაციებთან პარტნიორობითაც ახორციელებს.